სასტუმრო Golden Tulip-ი აპრილში გაიხსნება
თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო Golden Tulip-ი მიმდინარე წლის აპრილში გაიხსნება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ პროექტის საინვესტიო კომპანია „ბლოკ ინვესტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა განუცხადა, სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება.
„ვფიქრობ, წელს ტურიზმისთვის კარგი წელი იქნება და წელს 2019 წლის მაჩვენებელს თითქმის დავეწევით. ამის გათვალისწინებით სასტუმროს გახსნა ნამდვილად ღირს,“ - აცხადებს ჯანაშვილი.
ეს იქნება დედაქალაქში Golden Tulip-ის ბრენდის პირველი სასტუმრო, რომელიც 11 სართულიანია და მასში 77 ნომერი განთავსდება. სასტუმროს ექნება ტერასა, საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, ლაუნჯ-ბარი.
შეგახსენებთ, სასტუმროს გახსნა რამდენჯერმე გადაიდო. რაც შეეხება პროექტის საინვესტიციო ღირებულებას, თორნიკე ჯანაშვილის განცხადებით, მისი ღირებულება 15 მლნ დოლარია.