სასტუმრო "ბილიკი" ომალოში: გადახდის ტერმინალები არ გვაქვს, ამას უცხოელს წინასწარ ვეუბნებით
თუშეთში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ბილიკის“ დამფუძნებელი ნინო ბუჩაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პანდემიის მიუხედავად ტურისტების აქტივობა ომალოშიც შეინიშნება.
10 ნომრიან სასტუმროში, სადაც 1 ადამიანის განთავსება დღეში 100 ლარია (ორჯერადი კვებით), დამსვენებლები არიან როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები პოლონეთიდან, გერმანიიდან და ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან.
„ჯავშნები ბევრი არ არის, ზოგსაც გვიუქმებენ, თუმცა მეტ-ნაკლებად მუშაობა მაინც გვაქვს. წინასწარ არ ვიცი, პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა, თუ ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ ხელი არ შეგვიშალა, ვფიქრობ, მუშაობა გვექნება. აქტივობას გასულ წელს არც შევადარებ, შარშან დამსვენებელი თითქმის არ მყავდა, საქმეში მთელი ოჯახი ვართ ჩართული, გვყავს ცხენები, მანქანები და თუ ტურისტი მოინდომებს გასეირნებას, ამ სერვისის შეთავაზებაც შეგვიძლია,“ - აცხადებს ბუჩაიძე.
ნინო ბუჩაიძე აცხადებს, რომ ომალოში გზები მიმდინარე სეზონისთვის ძალიან კარგად გაკეთდა.
„ყველაფერია აქ, მათ შორის კაფეები. გზა როგორიც ახლა გვაქვს, მისი მსგავსი წინა წლებში არც გვქონია. უკმაყოფილო არ ვართ. ქუჩების გარე განათება არ არის, თუმცა ყველა სასტუმრო თავის მიმდებარე ტერიტორიას ინდივიდუალურად ანათებს. ტურისტს წინასწარი ჯავშნის დროს ყველაფერს ვაცნობთ, ვეუბნებით, რომ გადახდის ტერმინალები არ არის და თანხას უნაღდო ანგარიშსწორებით ვერ გადაიხდის, ამიტომ ფინანსები ხელზე უნდა იქონიოს,“ - აცხადებს ბუჩაიძე.