სასტუმრო "ბანგურიანი": სვანეთში არაბული ქვეყნებიდან ტურისტები იშვიათად მოგზაურობენ
მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანის“ ფინანსური დირექტორი ლევან ჯოჯუა “ბიზნესპარტნიორთან“ ზამთრის საკურორტო სეზონის მოლოდინებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ დროისთვის სვანეთისთვის ტურისტულად არააქტიური სეზონია, თუმცა, ზამთრისთვის სასტუმრო ტურისტების გააქტიურებულ ნაკადს ელოდება.
როგორც ჯოჯუა განმარტავს, ამ დროისთვის სასტუმრო დაჯავშნილი არ არის, რადგან სტანდარტულად ზამთრის სეზონისთვის რეზერვაცია 1-2 კვირით ადრე ხდება. სასტუმროში იმედოვნებენ, რომ წელს სტუმრების გარკვეული ნაწილი იქნება როგორც ადგილობრივი ტურისტი, ისე ვიზიტორები ევროპიდან და მეზობელი ქვეყნებიდან.
„არაბული ქვეყნებიდან ნაკლებად იქნებიან, რადგან მათ კომფორტი უყვართ, სვანეთში კი არ არის იმდენი ინფრასტრუქტურა, მათთვის მიმზიდველი რომ იყოს. ამიტომ, სვანეთში არაბები ძალიან იშვიათად მოგზაურობენ,“-აცხადებს ჯოჯუა.
მისივე განცხადებით, სასტუმროს შემოსავლები პანდემიის დროს მინიმუმამდე დაეცა, მილიონამდე ზარალიც განიცადა, დღეს სიტუაცია დადებითისკენ შეიცვალა, თუმცა, კომპანია მაინც ვალდებულებების გასტუმრების რეჟიმშია.