ტურიზმი
13/02/2021

სასტუმრო "ბანგურიანი" პანდემიამ მილიონ ლარამდე აზარალა

მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანის“ ფინანსური დირექტორის თქმით, პანდემიის პერიოდში სასტუმრომ დაახლოებით მილიონი ლარით იზარალა.

ლევან ჯოჯუას განცხადებით, ვითარება მძიმეა, აქედან გამოსავალი კი მუშაობის განახლება და უცხოელი ტურისტების შემოსვლაა.

„გახსნას თებერვალშიც ველოდით, 1 მარტიდანაც, თუმცა, ასე არ მოხდა. გასათვალისწიენებელია ისიც, რომ დასრულებულ სეზონზე, ანუ მარტში გახსნა რამდენად გვიღირდა, ეგეც ცალკე განხილვის საგანია. გახსნას თავისი ხარჯი აქვს, იქნება ეს კადრის აყვანა თუ ელემენტარული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სარეკლამო კამპანია და ასე შემდეგ. სვანეთში ზაფხულის სეზონი აპრილიდან იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ახლა უკვე მნიშვნელოვანია და მოლოდინი გვაქვს, რომ ამ პერიოდში მაინც ვიმუშაოთ. ჩვენი მთავარი შემოსავალი უცხოელი ტურისტია“, - აცხადებს ჯოჯუა.

სასტუმრო „ბანგურიანის“ ფინანსური დირექტორი ბანკების მხრიდან ხელშეწყობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან სესხების გადავადების პროგრამა, რადგან ტურიზმის ამოქმედების შემთხვევაშიც კი გარკვეული პერიოდი მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ შეძლებს ვალდებულებების სრულად გასტუმრებას. რაც შეეხება საბრუნავი საშუალებისთვის  დამატებით ახალი სესხის აღებას, ჯოჯუა მიიჩნევს, რომ საკმაოდ დიდი ხანი, ბანკიდან კრედიტის აღებაც კი ამ სექტორში რისკიანი იქნება.

შეგახსენებთ, 2020 წლის 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ზამთრის კურორტებზე დამატებითი რეგულაციები ამოქმედდა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში გაჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

ამასთან, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

გუშინ კი ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ზამთრის კურორტები უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, არ გაიხსნება.