საოჯახო სასტუმრო "ხედი": კადრების მოძიება ძალიან რთულია
საოჯახო სასტუმრო „ხედის“ მფლობელი სალომე გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ზაფხულის სეზონის მოლოდინებზე საუბრობს.
მისი ინფორმაციით, 9 ნომრიან საოჯახო ტიპის სასტუმროში დღეში 5 ნომერი თუ იქნა დაკავებული, ეს უკვე დადებითად ჩაითვლება. ახლა დღეში საშუალოდ 2-3 ნომერია დაკავებული.
როგორც გურგენიძე აცხადებს, დამსვენებლების უმეტესობა ძირითადად, ადგილობრივია, თუმცა, ამ დროისთვის სასტუმროს მცხეთაში სტუმრობენ საერთაშორისო ტურისტებიც, მათ შორის, რუსეთიდან და სირიიდან.
„ჯავშნები გრძელვადიან პერიოდზე არ გვაქვს, სტუმარი ჯავშნს 2-3 დღით აკეთებს. მიზეზი კომპლექსურია, მათ შორისაა, პოსტოპანდემიური პერიოდი და რუსეთ-უკრაინის ომი. არსტაბილური გარემოა და ეს ტურიზმეც აისახება,“-აცხადებს სალომე გურგენიძე.
მისივე განცხადებით, სასტუმროს ტერიტორიაზე არის კაფეც, რაც ტურისტებისთვის მიმზიდველია.
„ხედის“ მფლობელი მომსახურების სფეროში კადრის დეფიციტს უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ პანდემიამ ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამძაფრა. როგორც სალომე გურგენიძე განმარტავს, პანდემიის პერიოდში გაშვებული კადრის უკან დაბრუნება ან ახლის აყვანა უკვე პრობლემას წარმოადგენს.
„ვერ ვშოულობთ კადრს, ძალიან რთულია. მომსახურების სექტორში ყველგან ასეა. ზოგმა პროფესია შეიცვალა, ზოგი ქვეყნიდან წავიდა, ზოგი ზღვის სეზონზე იქ არსებულ სასტუმრო-რესტირნებს ანიჭებენ უპირატესობას,“-აცხადებს გურგენიძე.