საქართველოში შიდა ტურები დაშვებულია - რეკომენდაციები ტურის ორგანიზატორებს
საქართველოში შიდა ტურები დაშვებულია, თუმცა მათ გარკვეული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. ამის შესახებ „ბიზნესსპარტნიორს“ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადეს.
აუცილებელი პირობაა პირბადე და ტრანსპორტის 50%-ით დატვირთვა.
ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები 2020 წლის ზაფხულში გამოსცა, როდესაც შიდა ტურიზმი იხსნებოდა. დღესაც იგივე რეკომენდაციების გათვალისწინებაა სავალდებულო.
ტურზე წასვლამდე უნდა განხორციელდეს გიდის, მძღოლისა და ტურისტთა თერმოსკრინინგი. მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის, თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად.
ტურისტული ჯგუფი, მათ შორის გიდი და მძღოლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.
სატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხით.
მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს დამცავი ბარიერი.
ტურისტების ყოველი გადაყვანის შემდეგ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია/სანიტარული დამუშავება.
რეგულარულად განიავდეს სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით.