საქართველოს ბაზრით აზიური ავიაკომპანიები დაინტერესდნენ
საქართველოს საავიაციო ბაზრით ახალი აზიური ავიაკომპანიები დაინტერესდნენ. მათთან მოლაპარაკებები Aero Group Georgia-მ აზიის რეგიონის საავიაციო ფორუმის ფარგლებში აწარმოა.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ორგანიზაციის დამფუძნებელი, იგორ აფციაური განმარტავს, ავიაკომპანიების დიდ ნაწილს პანდემიური წლის დანაკარგების შესავსებად ზაფხულის სეზონის მაქსიმალურად გამოყენება სურს.
„საუბარია ძალიან მსხვილ აზიურ ავიაკომპანიებზე. მაგალითად, Air Asia, სინგაპურის ავიახაზები, მალაიზიის ავიახაზები და სხვა. ყველას უდნა, რომ გამოიყენოს ზაფხულის სეზონი და თუ სადმე ფრენების დაწყების რამე საშუალებაა, თუნდაც მცირე სიხშირით, ყველას სურს ამის გამოყენება“,- აღნიშნა აფციაურმა.
მისივე თქმით, პანდემიამ საავიაციო ბაზარზე ბევრი რამ შეცვალა. მათ შორის ტრადიციული ბაზრების წყობა და რეგიონში ლიდერი ქვეყნების პოზიციონირება.
„რადიკალურად შეიცვალა ტრადიციული ბაზრების მიმართულება და რეგიონში ლიდერი ქვეყნების პოზიციებიც. ძველი მეთოები აღარ მუშაობს. ახლა უყურებენ, რა ეტაპზეა ქვეყანა დღეს და რა სტატუსი აქვს, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური ვითარების თვალსაზრისით. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ვაქცინაციის პროცესს. სამწუხაროდ, დღესდღეობით მწვანე ზონაში არ ვართ. ამ თვალსაზრისით ბევრი შეზღუდვაა. აეროპორტებიც, ავიაკომპანიებიც და ტურისტული კომპანიებიც, ვისთანაც მოლაპარაკებები გვქონდა, პირველ რიგში, ყველას ამას კითხულობდა. რადგან მწვანე ზონაში არ ვართ, ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს შეზღუდვები. იმ ტურისტებს, რომლებიც ჩვენგან უკან ბრუნდებიან, საკუთარ ქვეყანაში, უწევთ 12-14 დღიანი კარანტინის გავლა. როგორც კი ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ, შევძლებთ საუბარს სერიოზულ ტურისტულ ნაკადებსა და ახალ ბაზრებზე გასვლაზე. ეს არის სინგაპური, კორეა, იაპონია და ჩინეთი“,- განაცხადა მან.