ტურიზმი
19/07/2021

"საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, მსოფლიოში მოწინავეა აღდგენის ტემპით"

2021 წლის ივლისის მონაცემებით, ბათუმის აეროპორტში შესრულებული ავიარეისების სიხშირე 21%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, სადაც დეპუტატებს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, არსებული მონაცემები უწყებას ოპტიმისტური მოლოდინების არსებობის საფუძველს აძლევს.

"საქართველო არა ჩვენი შეფასებით, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, მოწინავეა აღდგენის ტემპით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბათუმის აეროპორტი საქართველოშ არის პირველი აეროპორტი, რომელმაც ივლისის მონაცემებით არა თუ სწრაფად აღადგინა 2019 წლის მაჩვენებლები, არამედ ჩვენ უკვე გვაქვს 21%-იანი გადაჭარბება სიხშირეების რაოდენობაში. ეს არის ის, რაც პოზიტიური მოლოდინების არსებობის საფუძველს გვაძლევს",- განაცხადა ქვრივიშვილმა.