ტურიზმი
07/09/2022

"რუსთაველი ფროფერთი" სასტუმრო Hyatt Regency Tbilisi-სთვის დაფინანსების მოზიდვაზე მუშაობს

რუსთაველზე, სასტუმრო Hyatt Regency Tbilisi-ს ფასადის მნიშვნელოვანი ნაწილი წლის ბოლოსთვის დასრულებული იქნება.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანია „რუსთაველი ფროფერთის“ დირექტორი მინდია გადაევი აცხადებს, მშენებლობა ამ დროისთვის აქტიურ ფაზაშია.

„უკვე შეკვეთილი გვაქვს უმაღლესი ხარისხის გერმანული ფანჯრების მასალები, რომელიც სექტემბრის ბოლოს ჩამოგვივა. შენობას წლის ბოლოსთვის სულ სხვა იერსახე ექნება,“ - აცხადებს გადაევი.

მისი განცხადებით, ტურიზმის სეზონი წელს საკმაოდ გააქტიურდა და მოლოდინსაც გადააჭარბა.

„თუმცა, ეს რამდენად მდგრადია არავინ  იცის. ყოველ შემთხვევაში, კარგი ის არის, რომ ტურისტული ბაზარი როგორც ჩანს გლობალურადაც გაცოცხლდა. ტურიზმი კარგ მაჩვენებლებს აჩვენებს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. უნდა ვივარაუდოთ, რომ თუკი გლობალური ფორსმაჟორი არ მოხდა, ეს ტენდენცია შენარჩუნდება. ამის გათვალისწინებით, ჩვენც უფრო გავაქტიურდებით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაოები არ შეგვიჩერებია,“ - აცხადებს გადაევი.

Hyatt Regency Tbilisi-ს პროექტში 60 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება. შენობა განსხვავებული კონცეფციიდან გამომდინარე წინა ფასადით სამ, ხოლო უკანა ფასადით 5 სართულიანი იქნება. სასტუმრო ჯამში 180 ნომერს გააერთიანებს.

როგორც გადაევი აცხადებს, ინვესტიციების მოზიდვა ეტაპობრივად ხორციელდება. ამ დროისთვის კი გააქტიურებულია ამ მიმართულებით მუშაობაც.

„ზოგადად, ფინანსური ინსტიტუტები პანდემიის გამო ამ დარგში კრედიტებს არ გასცემდნენ. ვიმედოვნებთ, რომ წელს ტენდენცია შეიცვლება და მსგავსი პროექტებისთვის ფინანსირების საკითხი მსოფლიოს მასშტაბით გააქტიურდება,“ - აცხადებს გადაევი.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა „რუსთაველი ფროფერთიმ“ სახელმწიფოსგან 2012 წელს 13 მლნ ლარად შეიძინა, პროექტის დასრულებას კომპანია ჯერ კიდევ 2017 წელს გეგმავდა.

 

Businesspartner