ტურიზმი
08/03/2021

Rooms Hotel Kokhta: ბევრი ადამიანი მონატრებულია ბაკურიანს - რეკავენ, კითხულობენ საბაგიროები თუ გაიხსნა

„აჭარა ჯგუფში“  შემავალი Rooms Hotel kokhta Bakuriani-ს გენერალური მენეჯერი მარიამ ლაშაურის განცხადებით, ბაკურიანთან დაკავშირებით ადგილობრივი დამსვენებელი საკმაოდ აქტიურობს, მაგალითად, ამ წუთისთვის სასტუმროს თითქმის ყველა ნომერი დაკავებულია.

„ამინდიც ხელს გვიწყობს. მეტ-ნაკლებად, სხვადასხვა დღეს სხვადასხვა დატვირთულობაა. ის, რომ დღეს საბაგიროები ირთვება, საკმაოდ დადებითი მოვლენაა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია მონატრებული ბაკურიანს, რეკავენ, ხომ გაიხსნა რომ ჩამოვიდნენ და ასე შემდეგ. ყველა მოუთმენლად ელოდებოდა. პირველივე დღეს, როგორც კი სასტუმროს გახსნა გამოცხადდა, იმდენი ზარი შემოვიდა, რომ წარმოუდგენელი იყო,“ - აცხადებს ლაშაური.

რაც შეეხება ფასებს, Rooms Hotel Kokhta Bakuriani-ს გენერალური მენეჯერი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში კომპანიამ ფასები ადგილობრივ მომხმარებელს მოარგო.

ზამთრის კურორტებზე საბაგიროები დღეიდან უკვე ჩართულია.

მიუხედავად გახსნის გადაწყვეტილებისა, მთავრობა აცხადებს, რომ მკაცრად გაკონტროლდება ყველა დაწესებული რეგულაცია. დასაქმებულ პირებს პისიარ ტესტის ჩატარება და ორ ნაკადად მუშაობა მოუწევთ.

ამასთან, წესების თანახმად, გონდოლებში ერთდროულად მხოლოდ 3 პერსონის დაშვება იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით კოვიდის ფონზე ზამთრის კურორტების მუშაობა შეზღუდული იყო. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება 2020 წლის 28 ნოემბრიდან შეწყდა. შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ კი სამთო კურორტები 25 თებერვლიდან გაიხსნა.