როგორი იქნება "ქინძმარაულის ღვინის სოფელი" - კომპლექსი პირველ სტუმარს 2022 წლის ბოლოდან მიიღებს
ყვარელში, ქინძმარაულის მიკროზონაში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის განხორციელება დაიწყო.
KTW ჯგუფის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ეს არის პროექტი, რომელიც უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე ახალ სიტყვას იტყვის.
„მშენებლობის დაწყებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია, შემდეგი ეტაპი კი უშუალოდ მშენებლობაა. პროექტის კონცეფციიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა სოფლის ცენტრალურ გზასთან პირდაპირ დაკავშირება. ჩვენ ეს პერიოდი სწორედ ამისთვის გამოვიყენეთ. დანარჩენს კი გეგმის მიხედვით მივყვებით,“ - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.
„ქინძმარაული ღვინის სოფელი“ KTW ჯგუფის შვილობილი კომპანია KTW Development-ისა და ცნობილი ფრანგული არქიტექტორული კომპანია BPM Architectes-ის ერთობლივი ნამუშევარია.
BPM Architectes-ი ღვინის თემატიკის მსხვილი პროექტების მშენებლობით ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საფრანგეთის ქალაქ ბორდოდან, “ქინძმარაული ღვინის სოფელი“ ამ კომპანიის პირველი პროექტია საქართველოში.
პროექტში KTW ჯგუფი პირველ ეტაპზე 30 მილიონის, ხოლო დამატებით კიდევ 20 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
„ქინძმარაულის ღვინის სოფლის“ მშენებლობის დასრულება მისი დაწყებიდან ორ წელიწად ნახევარში იგეგმება და ის ქართული სტუმარ-მასპინძლობისა და ევროპული გამოცდილების იდეალურ სინთეზს შექმნის.
ულამაზესი ბუნებით გამორჩეული სოფელი 35.5 ჰა ტერიტორიას დაიკავებს. პროექტი მოიცავს საცხოვრებელ ვილებს, 9 ჰა რეკრეაციული ზონას ბუნებრივი ტყით. სოფელი გასტრონომიულ წერტილებს, ღვინის მაღაზიას, სპორტულ და საბავშვო მოედნებს და ასევე ტურისტულ ატრაქციებს გააერთიანებს. ტერიტორიაზე ქართული უნიკალური ჯიშების ვენახი უკვე გაშენდა და აქვე მოეწყობა შატო.
ტერიტორიაზე განთავსდება ბიზნეს ჰაბი „ბიზნესლაუნჯით“ სხვადასხვა სახის „ქო-ვორქინგ“ და საკონფერეციო სივრცეებით.
„ქინძმარაული ღვინის სოფლის“ უნიკალურობა მის დედაქალქთან სიახლოვეში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და ღვინის კულტურისა და ვაზის ჯიშობრიობის განვითარებაში მდგომარეობს.