რაში რამდენი დახარჯეს ადგილობრივმა ვიზიტორებმა 2021 წელს - საქსტატის მონაცემები
2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 094.4 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1 234.6 ათასი ვიზიტი.
საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 23.4%-ით მეტია 2020 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემზე.
საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 554.0 ათასით განისაზღვრა, რაც 28.8%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
ვიზიტორების 39% მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 50.9%-ს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 42.7% თბილისის მაცხოვრებელია, 12.3% მოდის ქვემო ქართლის რეგიონზე, 10.9% - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.
ვიზიტების უმრავლესობა, 47.1% განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. 14.4%-მა მეორე სახლი (აგარაკი და სხვა) მოინახულა. 14%-მა ვიზიტი საშოპინგოდ გამოიყენა, 10.2%-მა მკურნალობა-გაჯანსაღებისთვის, 5.3%-მა დასვენება, გასართობად, 5.3%-მა პროფესიული, ეკონომიკური საქმიანობისთვის, 1.8%-მა მომლოცველობის მიზნით, 0.1%-მა განათლების მისაღებად.
განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 184.2 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 44.9%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 22.0%-ით და 149.2 ლარს უტოლდება.
აქედან საყიდლებზე 69.9 მლნ ლარი დაიხარჯა, ტრანსპორტზე 39.5 მლნ ლარი, საკვებსა და სასმელზე 36.3 მლნ ლარი,განთავსებაზე 5 მლნ ლარი, გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე 0.9 მლნ ლარი.