Ramada Encore by Wyndham Tbilisi კოვიდ სასტუმროს სტატუსით მუშაობს
სასტუმრო Ramada Encore by Wyndham Tbilisi კოვიდ სასტუმროს სტატუსით მუშაობს. როგორც კომპანიაში jandacva.ge-ს განუცხადეს, 152 ნომრიანი სასტუმროს 85% სრულად დატვირთულია.
„2020 წლის ნოემბრამდე ობიექტი საკარანტინე ზონად მუშაობდა, მას შემდეგ კი სასტუმრო კოვიდად გადაკეთდა. მთავრობისგან მივიღეთ შეთავაზება და დავთანხმდით,“ - აცხადებენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ე.წ. საველე ჰოსპიტლების მოწყობა არ განიხილებოდა და უფრო მეტად მისაღები მოდელი სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამოყენება იყო.
თუმცა უკვე ცნობილია, რომ ინფიცირების მაღალიმაჩვენებლიდან გამომდინარე თბილისში საველე ჰოსპიტალის მოწყობა გადაწყვეტილია. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, საველე ჰოსპიტალში, რომელიც დიღომში, ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში მოეწყობა, 500-მდე საწოლი გაიშლება.
მისივე თქმით, საწოლების უმეტესობა ჟანგბადით იქნება აღჭურვილი.
“გამართულია ყველა ის ინვენტარი და მოწყობილობა, რომელიც ესაჭიროება საწოლებს, რათა მოხდეს მათი მომარაგება ჟანგბადით. დამონტაჟებულია 2 ხუთ ტონიანი ცისტერნა, რომელიც ამ საწოლებს მოამარეგებს ჟანგბადით“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა ასევე განმარტა, რომ ჰოსპიტალში გორის ჰისპიტალის ექიმები იმუშავებენ.