ტურიზმი
23/04/2021

რა წესები უნდა დაიცვან Wizz Air-ის მგზავრებმა - კომპანიის განმარტება

Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები უკვე განაახლა. პირველი რეისი 17 აპრილს ვილნიუსის მიმართულებით შესრულდა, 18 აპრილიდან კი აღდგა რეგულარული საერთაშორისო ავიარეისები ვარშავის მიმართულებითაც. მაისიდან აღდგება ასევე დორტმუნდისა და რიგის მიმართულებები.

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ანდრაშ რადო „ბიზნესპარტნიორთან“ იმ დეტალებს განმარტავს, რომლებიც მგზავრებმა Wizz Air-ის ბორტზე ასვლამდე უნდა გაითვალისწინონ.

„მგზავრებმა უნდა დაიცვან ყველა ის აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც ვიზეარმა 2020 წელს დააწესა. მათ მთელი მგზავრობის მანძილზე უნდა ეკეთოთ პირბადე. არავითარი შარფი, ან რაიმე სხვა დამცავი, დაშვებულია მხოლოდ პირბადე. პირბადეებითა და ხელთათმანებით არიან აღჭურვილი ეკიპაჟის წევრებიც. ასევე, უმჯობესია ბორტზე ბარათით გადახდა და არა ნაღდი ფულით. მთავარი მაინც ის არის, რომ მოგზაურობამდე მგზავრებმა ზუსტად იცოდნენ უცხო ქვეყნის ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ადგილზე ჩაფრენის დროს დახვდებათ.

ყველა მგზავრს შევამოწმებთ ბორტზე ასვლამდე. აქვთ თუ არა ყველა ის მოთხოვნილი დოკუმენტი, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში შესასვლელად სჭირდებათ. იქნება ეს კორონავირუსის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი საბუთი, თუ სხვა რამ. ვთხოვ ყველა მგზავრს, გადაამოწმონ ყველა განახლებადი ინფორმაცია, რომელიც იმ 4 ქვეყანას უკავშირდება, სადაც ვიფრენთ, რადგან ესა თუ ის შეზღუდვა ძალიან ხშირად იცვლება. გამგზავრებამდე ყველაფერი კარგად გადაამოწმეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ბორტზე ვერ აგიშვებთ“,- მიმართავს რადო მგზავრებს.

იმ 4 ქვეყანაში, სადაც Wizz Air ამ ეტაპზე იფრენს, ვაქცინაციის დამადასტურებელი პასპორტები ჯერ-ჯერობით საჭირო არ არის, თუმცა მოთხოვნებია სხვა სახის დოკუმენტებზე.

„როგორც ვიცი, ამ ეტაპზე ამ დოკუმენტის ქონა აუცილებელი არაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქნება სხვა სახის დოკუმენტები საჭირო, რომელიც დაადასტურებს, რომ მოგზაური არ არის ინფიცირებული. არა მხოლოდ მომდევნო თვეებში, არამედ ეს საჭირო იქნება მომდევნო წლებშიც. ვიმედოვნებთ, ამ საკითხზე გარკვეული საერთაშორისო შეთანხმება იქნება“,- განმარტავს ავიაკომპანიის წარმომადგენელი.

როგორც ირკვევა, შეზღუდვა მოხსნილია ერთი სკამის გამოტოვებით დასხდომის შესახებაც. ავიაკომპანია ელის, რომ ბორტზე ყველა ადგილი შეივსება.

„აქვე უნდა გითხრათ, რომ ბორტზე ვენტილაციის სისტემა ძალიან თანამედროვეა. ჰაერის ნაკადი ზევიდან ქვევით მოძრაობს. შესაბამისად, ის 1 საათის განმავლობაში 20-ჯერ იცვლება. ავიაკომპანიებზეა დამოკიდებული, ერთი სკამის გამოტოვებით იფრენენ, თუ არა. მაგრამ ჩვენი პროტოკოლები, რომელიც 2020 წელს შევადგინეთ საკმაოდ ძლიერია და უსაფრთხოების ყველანაირ მოთხოვნას აკმაყოფილებს“,- აღნიშნავს ანდრაშ რადო.