ყაზბეგზე სასტუმრო კომპლექსის მართვაში Radisson-ი შევა - თაუერების მშენებლობა დაიწყო
თბილისში, ყაზბეგის გამზირზე სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ყოფილი შენობის ტერიტორიაზე თაუერების მშენებლობა დაიწყო.
„ორბი ჯგუფში“ „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებენ, რომ ეს არის მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები, სრული დატვირთვით კი სამშენებლო პროცესი დაახლოებით 20 დღეში გააქტიურდება.
თაუერები „ბლოკ ინვესტის“ და „ორბი ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 140 მლნ დოლარია. გეგმის მიხედვით, 120 ათას კვადრატულზე ორი მულტიფუნქციური თაუერი აშენდება, შენობაში განთავსდება როგორც კომერციული ფართები, ისე სასტუმრო და აპარტოტელი.
„ორბი ჯგუფში“ განმარტავენ, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სასტუმრის მართვა მსოფლიოში ცნობილ ბრენდ-ოპერატორ Radisson-ის პარტნიორობით განხორციელდება. პროექტი დაწყებიდან 2 წელიწადში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ „ორბი ჯგუფი” პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც აპარტოტელების მშენებლობა დაიწყო. კომპანია აპარტოტელებს ბათუმსა და ბაკურიანში ფლობს. „ბლოკ ინვესტი” კი რამდენიმე სასტუმროს პროექტს ახორციელებს. მათ შორის Park Inn-ისა და Golden Tulip-ის სასტუმროების პროექტებს.
ყაზბეგის თაუერების დაწყება ჯერ კიდევ 2016 წლიდან იგეგმებოდა, თუმცა პროექტის განხორციელბა მშენებლობის ნებართვის არ ქონის გამო გაჭიანურდა.