პროგრამა "სასტუმრო საქმის მწარმოებელი" დაიწყო - ბენეფიციარები პრაქტიკის ნაწილს გერმანიაში გაივლიან
პროგრამა „სასტუმრო საქმის მწარმოებელი“ დაიწყო და სულ მალე ბენეფიციარებთან აქტიური კომუნიკაცია დაიწყება. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-ს“ პროგრამის თანაავტორმა, ქეთევან ჯანელიძემ განუცხადა.
აღნიშნულ პროგრამას პროფესიული უნარების სააგენტო აფინანსებს და ევროპული ენების ინსტიტუტი ახორციელებს. სასტუმრო საქმის შესწავლას მოიცავს 5 თვიან კურსს, საიდანაც 2 თვის განმავლობაში საქართველოში თეორიული ნაწილის შესწავლა მოხდება.
აღნიშნულ კომპონენტში ჩართულები იქნებიან როგორც პარტნიორი სასტუმროების წარმომადგენლები, ასევე პროფესიონალი განმახორციელებლები.
2 თვის შემდეგ კი ბენეფიციარები გაემგზავრებიან გერმანიის სხვადასხვა სასტუმროებში, სადაც ყველა პროცესში აქტიურად ჩაერთვებინ. დაწყებული სტუმრის მიღება-განთავსებით, დამთავრებული დასუფთავების კომპონენტით.
როგორც ჯანელიძე აცხადებს, კურსდამთავრებულების დასაქმებაზე პარტნიორი სასტუმროების მხრიდან ინტერესი დიდია, რასაც პარტნიორობის ხელშეკრულებაც ითვალისწინებს.
„გერმანული მხარე პროგრამის მონაწილეებს უფინანსებს გზას, იქ ცხოვრებას, კვებასა და ნაწილობრივ გზას.
3 თვის განმავლობაში პროგრამის მონაწილეები სტიპენდიასაც მიიღებენ. მინიმალური ანაზღაურება 650 ევროდან დაიწყება. მაქსიმალური სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრული იქნება მათი მონდომებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით,“ -აცხადებს ჯანელიძე.
რაც შეეხება პროექტში მონაწილეობის კრიტერიუმებს, ბენეფიციარი 18-დან 32 წლამდე ასაკის უნდა იყოს და გერმანულ ენას საუბრო დონეზე ფლობდეს.
როგორც პროგრამის თანაავტორი განმარტავს, ასეთი სახით ეს პროგრამა პირველად ხორციელდება და ამ ეტაპზე 45 ადამიანის მიღებაა განსაზღვრული. შერჩევის პროცესში კომისიაში ქართველი წევრების გარდა გერმანელი მხარის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. 2 თვის შემდეგ კი ახალი ნაკადის მიღება კვლავ გამოცხადდება. საერთო ჯამში პროგრამაზე 90 ადამიანია დასაშვები.
ცნობისთვის, „სასტუმრო საქმის მწარმოებელი“ ეს არის პროფესიული მომზადების პროგრამა, რომელსაც პროფესიული უნარების სააგენტო აფინანსებს და ევროპული ენების ინსტიტუტი ახორციელებს. პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარები 3 თვის განმავლობაში გერმანიის მაღალი კლასის სასტუმროებსა თუ სანატორიუმებში პრაქტიკას გაივლიან.
პროგრამის დასრულების შემდეგ კი კურსდამთავრებულები მიიღებენ როგორც სახელმწიფოს მიერ აღიარებულ, ასევე საერთაშორისო სერთიფიკატს.