პროფესია ტუროპერატორი - "ვიზიტ ჯორჯიას აკადემია" ახალ სასწავლო კურსს იწყებს
ტურის შედგენა, დაგეგმვა და განხორციელება - ეს იმ უნარების ჩამონათვალია, რომელსაც შემომყვანი ტურიზმის მენეჯმენტის სასწავლო კურსი "ვიზიტ ჯორჯიას აკადემია" დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს.
სწავლების პროცესი ისეთ მეთოდს ემყარება, როგორიცაა Learning by Doing, რა დროსაც მონაწილეები კომპანიის რეალურ საქმიანობაზე მორგებულ დავალებებს შეასრულებენ და საბოლოოდ ტუროპერატორებად ჩამოყალიბდებიან.
როგორც "ვიზიტ ჯორჯიას აკადემიის" ხელმძღვანელი „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში აცხადებს, სასწავლო კურსი ზოგადად გათვლილია ტურიზმით დაინტერესებულ ადამიანებზე, რომლებსაც სურთ შეისწავლონ ტურების დაგეგმვა, მათი ოპერირება და საქართველოს საერთაშორისო არენაზე წარდგენა.
"ჩვენთან ხშირად სხვა პროფესიის ადამიანებიც მოდიან, რომლებიც უფრო დინამიურ და მრავალფეროვან სამსახურს ეძებენ. პროდუქტ მენეჯერებს ხშირად უწევთ საქართველოს რეგიონებში მოგზაურობა, საინტერესო ადგილების აღმოჩენა, უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია, საერთაშორისო ღონისძიებებზე გამოსვლა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დაინტერესბული პირი, რომელსაც უბრალოდ სურს, რომ არარუტინული საქმიანობით იყოს დაკავებული აუცილებლად უნდა დაეუფლოს ამ პროფესიას.
სასწავლო კურსის მიზანია კანდიდატებს ასწავლოს თუ როგორ შექმნას ტურისტული პროდუქტი, კერძოდ სამოგაზურო პროგრამა, როგორ შესთავაზოს იგი საქართველოში მოგზაურობით დაინტერესებულ პირებს და როგორ უზრუნველყოს ტურის ოპერირება, ანუ პროცესი, როდესაც იგი რეალურად ხორციელდება. აღნიშნული კურსი უკვე მეორედ ტარდება. ამჯერად მეტ სიახლეს შევთავაზებთ მსმენელებს,"- ამბობს გიორგი ხიდეშელი.
სასწავლო კურსი დაიწყება 3 ნოემბერს და დასრულდება 22 დეკემბერს. იგი მოიცავს 15 პრაქტიკულ მეცადინეობას და საბოლოო ტესტირებას. კურსის ღირებულბა 630 ლარს შეადგენს. აპლიკანტებს შეეძლებათ საფასური ორ ნაწილად გადაიხადონ. როგორც კომპანიაში აცხადებენ მსურველთა რიცხვი საკმაოდ დიდია და ყოველდღიურად ბევრ აპლიკაციას იღებენ. კურსებზე ჩასარიცხად ინდივიდუალური გასაუბრების გავლაა საჭირო.
"სასწავლო კურსი ფიზიკურ სივრცეში ტარდება. სალექციო პროცესში ტრენერები აპლიკანტებთან ერთად სხვადასხვა პრაქტიკულ დავალებებს აკეთებენ. შესაბამისად პირდაპირი კომუნიკაცია და ერთ სივრცეში ყოფნა ცოდნის უკეთ გადაცემის საშუალებას იძლევა. სასწავლო კურსი ქართულ ენაზე ტარდება. აქედან გამომდინარე ნებისმიერ ეთნიკური წარმომავლობის ადამიანს შეუძლია ჩვენს კურსებში მონაწილეობა. მთავარია ქართულ ენას ფლობდეს.
გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს კურსების დასრულების შემდეგ კანდიდატები მალევე ახერხებენ საკმაოდ კარგ პოზიციებზე დასაქმებას. პირველ რიგში, დიდია შანსი, რომ რამდენიმე წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა „ვიზიტ ჯორჯიაში“ პროდუქტ მენეჯერის ასისტენტის პოზიცია დაიკავოს. ასევე, ჩვენი აღზრდილი კადრები სხვა ტურისტულ კომპანიებსაც დიდი სიამოვნებით აჰყავთ. ყოფილა შემთხვევბი, როდესაც კანდიდატებს აქ მიღებული ცოდნა თავისი მცირე ბიზნესის წამოსაწყებადაც გამოუყენებიათ," - აცხადებს ხიდეშელი.
ამჟამად "ვიზიტ ჯორჯიას აკადემია" ორ ძირითად კურს სთავაზეობს დაინტერესებულ პირებს. ესენია: შემომყვანი ტურიზმის მენეჯმენტისა და გიდის პროფესიული მომზადების კურსები. კომპანია ცდილობს ამ ორ მიმართულებაზე სპეციალიზდეს და წლიდან წლამდე სწავლების ხარისხი უფრო დახვეწოს და ინოვაციური გახადოს. ამ ეტაპზე სხვა სასწავლო კურსის დამატება არ იგეგმება.