ტურიზმი
18/02/2022

პანდემიამ განმუხურში Tribute Collection-ის და მწვანე კონცხზე Luxury Collection-ის გახსნის თარიღი შეცვალა

განმუხურში, მარიოტის საერთაშორისო ქსელის, Tribute Collection-ის ბრენდის სასტუმროს და მწვანე კონცხზე 5 ვარსკვლავიანი Marriott Brand, Luxury Collection კომპლექსის გახსნის თარიღი უცნობია.

როგორც საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, პროექტების მშენებლობის და გახსნის ვადები ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეიცვალა.

“მსოფლიო ბაზარზე არსებული გამოწვევები ჩვენზეც მნიშვნელოვნად აისახა, რის გამოც მოგვიწია პროექტების გახსნის ვადების ცვლილება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, პროექტების კონცეფციის დახვეწის მიმართულებით, პროექტის დასრულების ვადები დამოკიდებული იქნება საერთაშორისო ტურისტული ნაკადების აღდგენის ტემპზე,“ - აცხადებენ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში.

მწვანე კონცხზე 5 ვარსკვლავიანი Luxury Collection-ის   პროექტის ჯამური ღირებულება 70 მლნ დოლარია. ფონდის ინფორმაცით, გამაჯანსაღებელი კომპლექსის კონცეფცია სრულ ჰარმონიაში იქნება 1892 წელს დაფუძნებულ ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან. 

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ინფორმაციით, კომპლექსი ორი ნაწილისაგან შედგება, სასტუმრო ბინები და სასტუმრო. 

ფონდის ინფორმაციით, 120 ნომრიან სასტუმროში განთავსდება სპა, აუზი, ფიტნეს ცენტრი, რესტორანი, ლაუნჯ ბარი, ჩოგბურთის, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნები, საბავშვო - სარეკრიაციო ზონა და დამატებითი სივრცეები ბიზნეს შეხვედრებისა და კონფერენციებისათვის. 

რაც შეეხება Tribute Collection-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობას, პროექტი მოიცავს 160 ნომერს, სადაც თავმოყრილი  იქნება აუზი, სპა, სატრენაჟორო დარბაზი, ჩოგბურთის და კალათბურთის მოედნები, რესტორანი, ლაუნჯ ბარი და დამატებითი სივრცეები ბიზნეს შეხვედრებისა და კონფერენციებისათვის.  

აღნიშნული პროექტი 35,000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსდება, ხოლო მისი საერთო სამშენებლო ფართია 18 000 კვ.მ. პროექტის ჯამური ღირებულება 45 მლნ დოლარია.