ტურიზმი
21/04/2022

ონში მხარეთმცოდნეობის განახლებული მუზეუმი 2-3 თვეში გაიხსნება

ონში განახლებული მხარეთმცოდნების მუზეუმი 2-3 თვეში გაიხსნება. ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგო ხიდეშელის ინფორმაციით, მშენებლობა 2020 წელს დაიწყო და წელს დასრულდა.

როგორც ონის მუნიციპალიტეტის მერი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამ დროისთვის მიმდინარეობს ძველ მუზეუმში არსებული ნივთების დახარისხება და ახალ შენობაში გადატანა.

მისი განცხადებით, ახალ ორსართულიან მუზეუმი მოიცავს საკონფერენციო დარბაზს, ფონდსაცავს, ბიბლიოთეკას, მედიათეკასა და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცეს.

„შენობა არის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. იგეგმება  მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობაც,“ - აცხადებს ხიდეშელი.

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობა, რომელიც 1991 წლის მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა, კულტურული მემკვიდრეობის არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, ნუმიზმატიკურ, ძველ-ბეჭდურ წიგნებს, ფოტომასალებს, სახვითი ხელოვნების ნიმუშებს, ხელნაწერ წიგნებს, ხელნაწერ ისტორიულ საბუთებსა და სხვადასხვა მცირე კოლექციებს ინახავს, ეკლესიის რელიეფებთან და ლაპიდარულ წარწერებიანს ქვებთან ერთად.

1998 წელს ძველ შენობას რეკონსტრუქცია და რესტავრაცია ჩაუტარდა. 2009 წლის მიწისძვრამ ხელმეორედ მნიშვნელოვნად დააზიანა მუზეუმის შენობა. მუზეუმში დაცულია 14 000-ზე მეტი ექსპონატი, მათ შორის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა.

ონის მუზეუმის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონი ლარია.

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1948 წელს დაარსდა და 1952 წელს გაიხსნა.