ტურიზმი
16/07/2021

ნუცა აბრამიშვილი: ქართველებმა ადგილობრივი კურორტებით და სასტუმროებით სარგებლობა დაიწყეს

„შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში ქართველებმა ადგილობრივი კურორტებით და სასტუმროებით სარგებლობა დაიწყეს, ტენდენციას ნუცა აბრამიშვილი სასიამოვნოს უწოდებს და იმედოვნებს, რომ  ეს სამომავლოდაც შენარჩუნდება.

„როდესაც სექტორარულ ჩავარდნაზე ვსაუბრობთ, ეს მხოლოდ ადგილობრივად არ შემოიფარგლება. ეს მსოფლიო გლობალური ტურიზმის და გასტრონომიული მიმართულების ჩავარდნაა, რომელიც პირდაპირპროპორციულია ტურისტების მიღებაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ გლობალურად ტურიზმის ჩავარდნის პარარელურად, კარგი მაჩვენებლები გვაქვს ადგილობრივი ტურიზმის გამოცოცხლებით. ყოველწლიურად საქართველოს მოქალაქეები მიდიოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში დასასვენებლად, მათ შორის თურქეთის სანაპიროებზე და თანხასაც იქ ხარჯავდნენ. ამ თანხის აკუმილირება 2020-2021 წლებში საქართველოში მოხდა,“ - აცხადებს აბრამიშვილი.

მისი განცხადებით, სამომავლოდ, როდესაც სიტუაცია დასტაბილურდება, ქვეყანა ადგილობრივი ტურისტების 50%-ს  საქართველოში არსებულ კურორტებზე დაიტოვებს. აბრამიშვილის შეფასებით, ამას თუ დაემატება ქვეყანაში შემომავალი უცხოელი ტურისტები, საბოლოოდ ქვეყანა საკმაოდ კარგ ბალანსს მიიღებს.