ტურიზმი
27/11/2020

ნინა კეკელიძე: მეეჭვება, ტურიზმის სექტორში ადამიანური კაპიტალის შენარჩუნება შევძლოთ

ტურისტულ კომპანია „დისქავერ ჯორჯიაში“ იმ სირთულეებზე საუბრობენ, რომლის წინაშეც მცირე და საშუალო ბიზნესი მთავრობის ახალი გადაწყვეტილებებისა და გამკაცრებული ზომების გამო აღმოჩნდება.

კომპანიის დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ დახმარების პაკეტებსაც აფასებს და ამბობს, რომ ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების გარდა, ტურიზმის ინდუსტრიას ყოველ თვე არაერთი ფინანსური ვალდებულება აკისრია.

„კერძო სექტორს უკვე გადავადებული გადასახადების გადახდის დრო დაგვიდგა. საშემოსავლო და ქონების გადასახადების გარდა სხვა რიგი გადასახადები აქვს ბიზნესს. განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით. ეს გადასახადები კი ყოველთვიურია. ეს ნომერ პირველი საკითხია“,- ამბობს ნინა კეკელიძე.

მისივე განმარტებით, მძიმე ვითარების გამო ტურიზმის ინდუსტრიიდან ადამიანებმა სხვა სექტორებში გადაინაცვლეს.

"მეორე, უკვე მოდის ადამიანური რესურსი, რაზეც დგას ჩვენი ეკონომიკა, მცირე და საშუალო ბიზნესი. ადამიანური კაპიტალის შენარჩუნება დღეს ერთ-ერთი ყველაე მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, მეეჭვება, რომ ტურიზმის დარგში არსებული ადამიანური რესურსის შენარჩუნება 200 ლარიანი ხელფასით  მოხერხდეს. ყველა ცდილობს, რომ ჩვენი ინდუსტრიიდან სხვა ინდუსტრიაში გადავიდეს“,- განაცხადა „დისქავერ ჯორჯიას“ დირექტორმა.