ტურიზმი
01/07/2020

ნათია თურნავა: WizzAir-ი რჩება საქართველოში

WizzAir-ი არსად გადის, საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და რჩება თავისი მომხმარებლის, საქართველოს მოქალაქეების ერთგული, - განაცხადა ნათია თურნავამ WizzAir-ის მიერ საქართველოში ბაზების დატოვების შესახებ კომენტარისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, უნგრული ავიაკომპანია საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს და საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ მისი არეალი გაფართოებულიყო.

კორონავირუსის პანდემიამდე, WizzAir-ი საქართველოდან 30-მდე მიმართულებით ოპერირებდა და კიდევ 10-მდე ახალი მიმართულება ჰქონდა დააანონსებული.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დღეს ავიაციის გლობალური ინდუსტრია საკმაოდ დიდი სირთულეების წინაშეა და ბუნებრივია, ნებისმიერი ავიაკონმპანია ცდილობს შეამციროს დანახარჯები, აკეთებს სხვადასხვა თვითმფრინავების გადაჯგუფებას, რეალოკაციას, რაც არის წმინდა ტექნიკური საკითხი. ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, „ვიზეარს“ თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში ეყოლება დაყენებული, თუ რომელიმე თავის ბაზაზე გადაიყვანს.

„მთავრია, რომ WizzAir-ი არსად გადის. კომპანიის განაცხადი შემოსულია ოფიციალურად ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და ელოდება ჩვენს შეტყობინებას. რა მომენტშიც ვიქნებით მზად და ჩავთვლით შესაძლებლად, რომ უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გარკვეული მიმართულებები უნდა გააქტიურდეს, WizzAir-ი გააგრძელებს ფრენებს და ამას თავად კომპანია უახლოეს ხანებში დაადასტურებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

Businesspartner