ტურიზმი
25/05/2021

ნათია თურნავა: ტურიზმი წელს იმაზე გაცილებით სწრაფად აღდგება, ვიდრე ველოდით

ეკონომიკის მინისტრი წელს ტურიზმის აღდგენას ნავარაუდებზე სწრაფად ელოდება. ნათია თურნავას განცხადებით, საერთაშორისო ფრენების თითქმის 50% უკვე აღდგენილია.

"ძალიან სწრაფად იზრდება იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომელიც ზრდის ყოველკვირეული ფრენების სიხშირეს, ან ახალი ავიაკომპანიები გვემატება. ეს ეხება, როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ასევე ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებს. დღეის მონაცემებით, ზაფხულის პერიოდში 350-ზე მეტი ყოველკვირეული ფრენის განაცხადი და მოლოდინი გვაქვს. 2019 წელს, როდესაც ტურისტების რეკორდული რაოდენობა გვქონდა, კვირაში დაახლოებით 800 ფრენა იყო. ანუ, ჩავთვალოთ, რომ ფრენების დაახლოებით 50% აღდგება. ტურიზმი წელს იმაზე გაცილებით სწრაფად აღდგება, ვიდრე მოლოდინი იყო. ეს, პირველ რიგში, აისახება ეკონომიკაზე",- განაცხადა თურნავამ.