ნათია თურნავა: ტურიზმი შოკის მიმართ მდგრადი გამოდგა, ფრენებიც 70%-ით აღდგა
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, ტურიზმმა პანდემიით გამოწვეულ ყველა შოკს გაუძლო.
მისი თქმით, 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით საერთაშორისო ფრენები 70%-ით აღდგა, წელს ქვეყანამ 1 მლნ-ზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა.
"დღეს არის ტურიზმის მსოფლიო დღე. მინდა მივულოცო ტურიზმის ინდუსტრიის ყველა მონაწილეს, მივულოცო დარგს და ჩვენს ქვეყანას, რომ პანდემიის და ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენი ტურისტული ინდუსტრია გამოდგა საკმაოდ მდგრადი ამ შოკის მიმართ. აღდგენა მიდის საკმაოდ მაღალი ტემპით, რა თქმა უნდა ამაში დიდი დამსახურებაა თითოეული იმ ადამიანის, მეწარმის, მცირე სასტუმროს, რესტორნისა თუ ტურისტული კომპანიის მფლობელის, ვინც წლების განმავლობაში შრომობს ამ მნიშვნელოვან დარგში და მნიშვნელოვან პროფესიას ემსახურება.
ჩვენ, მიუხედავად დიდი დატრყმისა, რაც პანდემიამ მოგვაყენა, საკმაოდ კარგად ვახორციელებთ ტურიზმის აღდგენას, უკვე მილიონზე ბევრად მეტ საერთაშორისო ვიზიტორს ვუმასპინძლეთ წელს. ასევე თუ შევხედავთ ჩვენი საერთაშორისო ფრენების აღდგენის ინდიკატორებს, დაახლოებით 70%-ით არის საერთაშორისო ფრენები, მიმართულებები აღდგენილი 2019 წელთან შედარებით, რაც საკმაოდ კარგი ტემპია. ასევე ისიც სასიხარულოა, რომ ტრადიციულ ავიაკომპანიებს ახალი ავიაკომპანიები შეემატა, მათ შორის დაბალბიუჯეტიანი. ყველაფერი მიდის იმ მიმართულებით, რომ მომავალ წელს მაქსიმალურად სრულყოფილად იქნება აღდგენილი ეს ინდუსტრია",- განაცხადა ნათია თურნავამ.