ნათია თურნავა: სახმელეთო საზღვრების გახსნამ საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაზარდა
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სახმელეთო საზღვრების გახსნამ საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაზარდა.
გარდა ამისა, მინისტრის ინფორმაციით, აღდგა სარკინიგზო მიმოსვლა სომხეთსა და საქართველოს შორის. 15 ივნისიდან ერევნიდან საქართველოს მიმართულებით პირველი მატარებელი დაიძრება.
“ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოდან ტურისტები ტრადიციულად საქართველოში ჩამოვლენ და ესტუმრებიან ჩვენს შავიზღვისპირა კურორტებს, დედაქალაქს, სხვა ტურისტულ ადგილებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, თურქეთის სახმელეთო საზღვართან შეუფერხებელი გადაადგილებაა.
“თურქეთიდანაც სტუმრები შემოდიან, სტუმრობენ აჭარას, თბილისს, სხვა რეგიონებს.
აზერბაიჯანთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მუშაობა სახმელეთო საზღვრის კვეთის დროს მათი მოქალაქეების შემოშვებაზე, რომლებიც ტურისტულად იქნებიან საქართველოში და შემდეგ დაბრუნდებიან აზერბაიჯანში, მიღების წესის გამარტივებაზე. იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება არ დააყოვნებს და შესაძლებლობა გვექნება ტრადიციულად ვუმასპინძლოთ აზერბაიჯანელ მეზობლებს, ტურისტებს ჩვენს ქვეყანაში“, - აცხადებს ნათია თურნავა.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, საქართველოში უკრაინიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, როგორც საჰაერო საზღვრით, ასევე ბორნით.