ნათია თურნავა: საქართველოში უსაფრთხო სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია იქნება
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამ დღეში თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესი დაიწყება.
მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში ვაქცინაციის პროცესში ტურიზმის სექტორის თანამშრომლების ოჯახის წევრებსაც დაეხმარებიან.
“ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება, რომ ვაქცინაციის პუნქტები ობიექტების მახლობლად მოეწყობა ძალიან მაღალ დონეზე. თუმცა, რა თქმა უნდა თითოეული ობიექტი თავად გადაწყვეტს, თავის თანამშრომლებთან ერთად მიიღებს თუ არა ვაქცინაციის კამპანიაში მონაწილეობას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას შეფასებით, ტურისტების მოსაზიდად მნიშვნელოვანია, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია უსაფრთხო იყოს.
“ამ ეტაპზე ვაქცინირებულ სასტუმროებს და რესტორნებს უკვე ვთავაზობთ ისეთ სარგებელს, როგორიცაა საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიაში მონაწილეობა. თითოეული ასეთი ობიექტის შესახებ ინფორმაცია ძალიან ფართოდ იქნება მსოფლიოში გავრცელებული, რადგან დღეს საერთაშორისო ტურისტები ეძებენ ქვეყნებს, სადაც სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია არის უსაფრთხო, საქართველო სწორედ ასეთი ქვეყანა იქნება და ამის შესახებ ყველა შეიტყობს“,- განაცხადა ნათია თურნავამ.