ტურიზმი
09/07/2021
ნათია თურნავა დაჭრილ ტურისტს რეაბილიტაციის გავლას "ბორჯომი ლიკანში" სთავაზობს
პოლონელ ტურისტს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაჭრეს, ეკონომიკის სამინისტრო და "საპარტნიორო ფონდი" რეაბილიტაციის კურსის გავლას “ბორჯომი ლიკანის” სასტუმროში სთავაზობს.
“დღეს ეს ადამიანი თავს კარგად გრძნობს. რამდენიმე დღეში გაეწერება. ჩვენ და "საპარტნიორო ფონდმა" ერთობლივად შევთავაზეთ რეაბილიტაციის კურსი ლიკანის სასტუმროში, სადაც ძალების აღდგენას შეძლებს. რა თქმა უნდა, ჯობდა, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ რადგან მოხდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ მყისიერი რეაგირება გააკეთა”,- თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ პოლონელი ტურისტი ხეთაგუროვის ქუჩაზე 5 ივლისს დაჭრეს. შსს-ს გავრცელებული ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებული გ. ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც შსს-ს განცხადებაში ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, კ. ხეთაგუროვის ქუჩაზე გ.ხ. უცხო ქვეყნის მოქალაქე ჯ.კ.-ს, მოულოდნელად თავს დაესხა და ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გ.კ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.