ტურიზმი
02/08/2022

"მზიანი": შატილში აქტიური ტურისტული სეზონია,თუმცა, 3 კვირა ელექტროენერგია არ გვქონდა

შატილში მდებარე საოჯახო სასტუმრო „მზიანის“  დამფუძნებელი მზია ჭინჭარაული „ბიზნესპარტნიორთან“ ზაფხულის საკურორტო სეზონს აფასებს.

მისი ინფორმაციით, 6 ნომრიანი სასტუმრო გასულ წლებში ბევრად მეტ ტურისტს მასპინძლობდა, ვიდრე წელს. მიმდინარე სეზონთან შედარებით აქტიურობა იყო პანდემიის აქტიურ ფაზაშიც (2020-2021 წლებში).

ჭინჭარაული აცხადებს, რომ ტურისტების სიმცირის მიზეზი კომპლექსური შეიძლება იყოს. მათ შორის კი მნიშვნელოვანი რუსეთ-უკრაინის ომი და მისგან გამოწვეული კრიზისია. მისი განმარტებით, ევროპელები რეგიონში არსებული ომის გამო დიდი ალბათობით თავს იკავებენ საქართველოში დასვენებისგან.

გარდა ამისა, შატილში წელს ელექტროენერგიის პრობლემაც შეიქმნა,რამაც არსებულ ჯავშნებზე ნეგატიურად იმოქმედა.

„სეზონი ჩვენთან თითქმის სრულდება. ივლისი-აგვისტოა ყველაზე აქტიური. სამწუხაროდ, ჯერ სტიქია იყო და გზები დაანგრია, შემდეგ ადგილობრივად არსებული ჰესი დაზიანდა და დაახლოებით 3 კვირა ელექტროენერგია არ გვქონდა.თითქმის მთელი ივლისი უშუქოდ გავატარეთ.ტურისტული კომპანიები ერიდებოდნენ ასეთ პირობებში  დამსვენებლისთვის შატილის შეთავაზებას.

ასეთ პირობებში ტურისტიც არ გვინდა. თუ ვერ მოემსახურები ნორმალურად რა აზრი აქვს? ამ ეტაპზე ეს პრობლემა მოგვარებუ;ლია და ვნახოთ რამდენად გაგვიმართლებს და ვიმუშავებთ,“-აცხადებს ჭინჭარაული.

 

 

 

 

Businesspartner