ტურიზმი
17/03/2022

მირზა შაფის პროექტით Radisson Collection-ი და Marriott-ი დაინტერესდა

მირზა შაფის პროექტის მართვაში შესვლით Radisson Collection-ი  და Marriott-ის ბრენდი Ritz-Carlton-ი დაინტერესდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ პროექტის ინვესტორმა, კომპანია CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-ს დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ განუცხადა, ამ დროისთვის მიმდინარეობს საერთაშორისო ბრენდებთან მოლაპარაკებები.

ასევე აქტიურად განიხილება მირზა შაფის პროექტის გასხვისებაც.

შეგახსენებთ, მირზა შაფის პროექტის მშენებლობის დაწყება წლების წინ დაანონსდა. კომპანიას თბილისის მერიისგან სამშენებლო ნებართვა უკვე  მიღებული აქვს. ინვესტორმა გაითვალისწინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციები, შედეგად, პროექტი ერთი მესამედით შემცირდა. 

პროექტით გათვალისწინებულია მაქსიმუმ 2-4 სართულიანი ტერასიანი შენობების, ბიზნესცენტრების, ბუტიკ-ოტელების, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის სახლების, საგამოფენო დარბაზების მშენებლობა. ეს იქნება საზოგადოებრივი ადგილი, სადაც ნებისმიერ ტურისტს თუ ადგილობრივ მოქალაქეს დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა ექნება.