მინისტრი ნამახვანჰესის პროტესტზე: ტურისტების მოლოდინში ქუჩების ბლოკირება მიუღებელია
ეკონომიკის მინისტრი ნამახვანი ჰესის პროექტის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის მზაობას კიდევ ერთხელ გამოთქვამს. ნათია თურნავას განცხადებით, დიალოგი ქუჩების პარალიზებისა და ბლოკირების პარალელურად ვერ მოხერხდება და პროტესტს კონსტრიქციული ფორმა უნდა მიეცეს.
ეკონომიკის მინისტრი ასევე ამბობს, რომ ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქციების ფორმა ხელს უშლის ტურისტების მოზიდვას.
"ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის. კონკრეტული, საქმიანი და საგნობრივი დიალოგისთვის. ეს დიალოგი არ უნდა გასცდეს ენერგეტიკასა და პროექტზე საუბარს. არ უნდა გადავიდეს რადიკალიზმში. შექმნილია ძალიან კარგი საქმიანი პლატფორმები, სადაც ასეთი ტიპის საკითხები უნდა განიხილებოდეს. ეს დიალოგი ძალიან გაჭირდება ქუჩაში ბლოკირებით, პარალიზებითა და ა.შ. ეს ტურისტების მოლოდინში, ეკონომიკის გახსნის მოლოდინში არის აბსოლუტურად მიუღებელი",- აღნიშნა მინისტრმა.