მინდია გადაევი: რუსთაველზე ვერცერთი სასტუმრო სრული დატვირთვით ვერ მუშაობს
პანდემიამ თბილისის სასტუმროები მნიშვნელოვნად დააზარალა.
Hyatt Regency Tbilisi-ის განმახორციელებელი კომპანია "რუსთაველი ფროფერთის" დირექტორი მინდია გადაევი ამბობს, რომ, რუსთაველზე მოქმედი ვერცერთი სასტუმრო სრული დატვირთვით ვერ მუშაობს.
გადაევი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო ბაზარზე სტრუქტურული ცვლილებები აუცილებლად მოხდება.
„მაგალითად, ნიუ-იორკის სასტუმროები დღესაც ცარიელია. ქალაქიდან ხალხი გასულია, სილიკონ ველიმ უკვე გამოაცხადა, რომ თანამშრომლებს მისცემენ არჩევანის საშუალებას იმუშაონ ონლაინ თუ ოფისებში გამოცხადდნენ. თვითონ ვარაუდობენ, რომ თანამრომლების მინიმუმ 30% ოფიში აღარ დაბრუნდება.
საოფისე ფართებზე სერიოზული ცვლილებაა მოსალოდნელი, სასტუმროს სექტორში ამიტომაც ვუყურებთ ფრთხილად სიტუაციას, ვგულხსხმობ Hyatt Regency Tbilisi-ს გახსნის თარიღს.
აღმოსავლეთ ევროპაში აშენებულია უამრავი საოფისე ფართი, რომელიც დღეს ცარიელია. არ იციან რა გაკეთდება, მიდის ფინანსური რესტრუქტურიზაციები, ეს ყველაფერი ხომ ბანკის სესხითაა გაკეთებული. ზოგადად, ეს ტენდენცია გლობალურადაა და გამონაკლისი არც საქართველოა,“ - აცხადებს გადაევი.