მინდია გადაევი: Hyatt Regency წელს რომ გაგვეხსნა კატასტროფა იქნებოდა
რუსთაველის გამზირზე სასტუმრო Hyatt Regency Tbilisi საქმიანი ტურიზმის სრულად აღდგენამდე გახსნას არ ჩქარობს.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანია „რუსთაველი ფროფერთის“ დირექტორი მინდია გადაევი აცხადებს, მშენებლობა ამ დროისთვის აქტიურ ფაზაშია.
„მიუხედავად პანდემიური მდგომარეობისა, ერთი წუთითაც არ გავჩერებულვართ, პროცესი მიდის. თუმცა ვერ ვამბობთ გახსნის კონკრეტულ თარიღს, რადგან სასტუმრო ბიზნესის აღდგენა, თუ წელს პანდემია დაიძლია, 2023 წლიდან დაიწყება. Hyatt-ი არის მაღალი კლასის სასტუმრო და ის არა ტურიზმზე, არამედ ბიზნეს სექტორზეა ორიენტირებული. ბიზნეს სექტორში კი სერიოზული ცვლილებებია. გლობალურად, მგზავრობა შეზღუდულია. მაგალითისთვის, ნიუ იორკის სასტუმროებშიც ბიზნეს შეხვედრების თვალსაზრისით ნაკლებად დადის ხალხი, ონლაინ შეხვედრებზეა ყველა გადართული.
სასტუმროს მშენებლობა წელს რომ დასრულებულიყო და ახლა გახსნილი იყოს, ხომ კატასტროფა გვექნებოდა? რუსთაველზე არცერთი სასტუმრო პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს. ახლა გახსნას აზრი არ აქვს, ბოლო პერიოდია არცერთ ასეთ ბრენდულ სასტუმროს არ უმუშავია ნორმალურად. დედაქალქში ბიზნეს ვიზიტორები პრაქტიკულად არ არის, ტურიზმისთვის ხალხი მხოლოდ რეგიონებში ჩადის.
გვაქვს გეგმა, თუ 2022 წელს რა უნდა გავაკეთოთ, ეს არის ფასადების დასრულება, სახურავების გაკეთება, გარედან მოპირკეთება, გარეთა სამუშაოების... ამასობაში დავაკვირდებით სიტუაციას, თუ საჭირო იქნება დავაჩქარებთ და მალე დავასრულებთ, თუ არადა, დღეს ბაზარზე შესვლა ძალიან მძიმეა. მშენებელობის ნებართვა ჩვენ 2023 წლის მეორე ნახევრამდე გვაქვს. თუმცა, ამ პერიოდამდე ამის გაკეთება ღირს თუ არა, ეს გაურკვეველია", - ამბობს გადაევი.
Hyatt Regency Tbilisi-ს პროექტში 60 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება. შენობა განსხვავებული კონცეფციიდან გამომდინარე წინა ფასადით სამ, ხოლო უკანა ფასადით 5 სართულიანი იქნება. სასტუმრო ჯამში 180 ნომერს გააერთიანებს.
იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა „რუსთაველი ფროფერთიმ“ სახელმწიფოსგან 2012 წელს 13 მლნ ლარად შეიძინა, პროექტის დასრულებას კომპანია ჯერ კიდევ 2017 წელს გეგმავდა.