"M&I Tbilisi 2024 ფორუმი მსოფლიო დონის მოვლენაა, რომელიც საქართველოში იმართება"
2024 წელს საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს „m&i Tbilisi 2024“ მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში ტურისტული სექტორის წარმომადგენლები გავლენიან საერთაშორისო კომპანიებს შეხვდებიან. სასტუმრო სექტორისთვის ფორუმის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო "პარაგრაფ თბილისის" და "პარაგრაფ შეკვეთილის" გაყიდვების დირექტორი თამარ ჩხეიძე.
„m&i ფორუმი მსოფლიო დონის მოვლენაა, ვფიქრობ რომ საქართველოსთვის ამ ღონისძიების მასპინძლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ტურიზმის სექტორში მომავალი წლისთვის, და არა მხოლოდ ტურიზმის, ცნობადობის კუთხითაც საქართველო ევროპის ქვეყნებში რუკაზე მოინიშნება როგორც ერთ-ერთი ახალი საინტერესო ადგილი საქმიანი შეხვედრების, ღონისძიებების გამართვის კუთხით“,-განაცხადა თამარ ჩხეიძემ.
საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე 2024 წელს საქართველოს 4 დღის განმავლობაში ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან 100-ზე მეტი ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე (ე.წ Buyer) ორგანიზაციების წარმომადგენლები და მსხვილი ტურისტული კომპანიები ეწვევიან.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებს 150-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ მჭიდრო კავშირი მოწინავე ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებთან.