ტურიზმი
02/07/2020

მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა, ბილეთები იაფად, სუბსიდირებულ ფასად შეიძინონ – მინისტრი

სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან ორგანიზებულ ჩამოყვანას სუბსიდირებული ფასებით, – განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

დავალება მთავრობის წევრებმა პრემიერისგან მიიღეს და ფრენების კონკრეტული გრაფიკი და ლოკაციები ორშაბათს გამოქვეყნდება.

„ორგანიზებულად, ხელმისაწვდომი, სუბსიდირებული ფასებით მოხდება ჩვენი ემიგრანტების, თანამოქალაქეების საქართველოში ჩამოყვანა სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან. ეს პროგრამა პანდემიის პერიოდშიც ძალიან აქტიურად და წარმატებით ხორციელდებოდა – გეგმაზომიური გამოყვანა და არა სტიქიური, საითკენაც ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი მოგვიწოდებს, უზრუნველყოფს იმას, რომ ეს ადამიანები დროულად მოხვდნენ საქართველოში”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი უსაფრთხოდ განხორციელდეს და არ მოხდეს დამატებითი ეპიდემიოლოგიური ზეწოლა ქვეყნის მოსახლეობაზე.

მინისტრის განმარტებით, საქართველოში დაბრუნების შემდგომ ყველას ექნება კარანტინის გავლის შესაძლებლობა – სახელმწიფოს დაფინანსებით.

„ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ბილეთები შედარებით იაფად, სუბსიდირებულ ფასად  შეიძინონ და აგრეთვე ეცოდინებათ, საიდან და როდის, რომელი ავიაკომპანიით შეძლებენ ჩამოსვლას”, – აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ამ პროგრამის განხორცილებისას მაქსიმალურად იქნება დაცული კონკურენციის პრინციპი, შესაბამისად, მასში რამდენიმე ავიაკომპანია ჩაერთვება.

„ჩვენ, მათ შორის ჩვენი სამინისტრო, ყოველთვის ვიყავით მომხრე საავიაცო დარგში მეტი კონკურენციისა – ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ჩვენს ბაზაზე Wizz Air-ი გაფართოებულიყო, შემოსულიყო კომპანია Ryanair-ი, ასევე სხვა ავიაკომპანიები და აქაც ამ პრინციპს მაქსიმალურად დავიცავთ – ეს იქნება რამდენიმე კომპანიის მონაწილეობით შესრულებული პროგრამა”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

Businesspartner