ტურიზმი
10/11/2022

"მგზავრები ჯგუფი" "შატო ვარციხის" გაფართოებას განიხილავს

იმერეთში, სასტუმრო „შატო ვარციხე“ „მგზავრები ჯგუფმა“ დაახლოებით ნახევარი წელია გახსნა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, პროექტმა გაამართლა და ობიექტი საკმაოდ პოპულარულია ადგილობრივ ტურისტებში.

„მგზავრები ჯგუფის“ დირექტორის მოადგილის მადლენა მანუსაჩიანის განმარტებით, ამჟამად კომპლექსი მოიცავს 7 კოტეჯს და ვენახს. სამომავლოდ კი დაგეგმილია დამატებით 10 კოტეჯის ამოქმედება. 

“წელს ზაფხულს პირველი სეზონი გვქონდა და საკმაოდ კარგად იმუშავა. შაბათ-კვირას 100%-იანი დატვირთვა გვქონდა, შუა კვირაში საშუალო დატვრითულობა 60-70%-ს შეადგენდა,“ - აცხადებს მანუსაჩიანი.

მანუსაჩიანის განცხადებით, პროექტში 5 მილიონი ლარი ჩაიდო.

„მგზავრების“ სასტუმროების ქსელი უკვე 10 წელია ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი. სასტუმროს ტიპის აპარტამენტების კონცეფცია საქართველოში პირველად სწორედ „მგზავრებმა“ წარადგინა.

კომპანიის სტრატეგია, საქართველოს პოპულარულ კურორტებზე 5 ვარსკვლავიანი ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, სასტუმროს ნომრების რეალიზაცია და სასტუმროს მენეჯმენტია.

"მგზავრებს" განახორციელებული აქვს 11 პროექტი ბაკურიანში; 4 პროექტი ბათუმის სანაპიროზე (გონიო); 1 პროექტი  გუდაურში; 2 პროექტი ბათუმში.

 

Businesspartner