ტურიზმი
10/08/2021

მგზავრები: ბაკურიანში სასტუმროს კოვიდ სტატუსით გადაკეთებას განვიხილავთ

სასტუმროების ქსელი „მგზავრები“ შეთავაზების შემთხვევაში ბაკურიანში არსებულ ობიექტს, კოვიდ სასტუმროს სტატუსით აამუშავებს.

როგორც კომპანიის დირექტორის მოადგილე მადლენა მანუსაჩიანმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ამ დროისთვის ბაკურიანის „მგზავრები“ მუშაობს, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო აქტივობა წინა წლებისგან განსხვავებით, შემცირებულია.

„სასტუმრო გვაქვს ბაკურიანში, დანარჩენ ლოკაციებზე აპარტამენეტებია. შესაბამისად, მათი კოვიდ სასტუმროებად გადაკეთება პრობლემური იქნება,“ - აცხადებს მანუსაჩიანი.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ბაკურიანში დამსვენებლების ძირითადი პროცენტი ადგილობრივი მოსახლეობაა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ე.წ. საველე ჰოსპიტლების მოწყობა „დღეს არ განიხილება“ და უფრო მეტად მისაღები მოდელი სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამოყენებაა.

„საველე პირობებზე დღეს, კონკრეტული საუბარი არ არის. თუკი დადგება ამის საჭიროება, რესურსი, სადაც დიდი სივრცეა, ესეც ცნობილია და შესაძლებელია მისი ადაპტირება და მისი გამოცდილებაც მსოფლიოში არსებობს. თუმცა, ჩვენთვის მაინც უფრო მეტად მისაღები მოდელი არის სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამოყენება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.