ტურიზმი
03/05/2022

მარტში საქართველოში 281%-ით მეტი ბელორუსი და 69%-ით მეტი რუსი მოგზაური შემოვიდა

PMC კვლევითი ცენტრის მონაცემების თანახმად, 2022 წლის მარტში საქართველოში გასულ თვესთან შედარებით 281%-ით მეტი ბელორუსი და 69%-ით მეტი რუსი მოგზაური შემოვიდა.

გაზრდილია ქვეყანაში უკრაინელი მოგზაურების რაოდენობაც და მაჩვენებელი 16 000-ია. საქართველოში შემოსული რუსი მოგზაურების რაოდენობამ 45 100-ს მიაღწია,რაც საქართველოში შემოსულების საერთო მაჩვენებლის 18%-ია. ხოლო ბელორუსის შემთხვევაში ეს მონაცემი 20 000-ია და საერთო შემოსულების 8%-ს შეადგენს. PMC აღნიშნავს, რომ ამავდროულად, ბელარუსი და რუსი ვიზიტორების მიერ ქვეყნიდან გასვლების
რაოდენობაც ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

"2022 წლის მარტში შესამჩნევი განსხვავებები შეინიშნება (განსაკუთრებით რუსეთისა და ბელარუსის შემთხვევაში) ქვეყნიდან გასვლებსა და შემოსვლებს შორის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოგზაურთა მნიშვნელოვან ნაწილს მარტში ქვეყანა არ დაუტოვებია",- აღნიშნულია კვლევაში. 

აღსანიშნავია, რომ თებერვლის თვესთან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა ბელორუსი და რუსი მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლები. პირველ შემთხვევაში ზრდა 551%-ია, მეორე შემთხვევაში კი 133%. 

რაც შეეხება წლიურ ზრდას, PMC-ის მიმოხილვიდან ირკვევა, რომ საერთაშორისო მოგზაურების რიცხვი 2022 წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 266%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 65.9%-ით შემცირდა. 

2022 წლის მარტში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობით გამოირჩეოდნენ თურქეთი (42 421 ვიზიტით), რუსეთი (22 536 ვიზიტით) და სომხეთი (21 990 ვიზიტით). ამ ქვეყნებიდან ყველაზე მეტად სომხეთიდან შემომავალი ვიზიტორების რაოდენობა აღდგა (2019 წლის მაჩვენებლის 56.4%), რასაც მოჰყვა თურქეთი (48%-იანი აღდგენის მაჩვენებლით) და რუსეთი (22.9%)",- აღნიშნულია კვლევაში.