მარკო პოლო: ტურისტი გვყავს, ჯერჯერობით კოვიდ სასტუმროდ გადაკეთებას არ განვიხილავთ
გუდაურში მდებარე სასტუმრო “მარკო პოლო“ კოვიდ სასტუმროდ გადაკეთებას ჯერჯერობით არ განიხილავს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სასტუმროს ბიზნესის განვითარების მენეჯერმა გვანცა მირზიაშვილმა განუცხადა, ივნისი-ივლისი-აგვისტოს დატვირთულობა მოსალოდნელზე მაღალია, სასტუმრო საკმაოდ კარგად მუშაობს, მათ შორის, არიან უცხოელი ტურისტებიც.
მირზიაშვილი განმარტავს, რომ აქტივობა 2019 წლის მაჩვენებელს ვერ შეედრება, თუმცა, სასტუმროს მენეჯმენტს მიმდინარე სეზონისთვის ამის მოლოდინიც არ ჰქონდა.
„ჩვენთან ამ საკითხზე ჯერჯერობით არავის დაურეკავს, თუმცა შემდეგ რა იქნება არ ვიცი. ზამთარში ისედაც ჩვენი სეზონი მოდის, ამიტომ შევხედავთ ეპიდსიტუაციას, რა რეგულაციებს მიიღებენ და შემდეგ ჩვენც ბაზრის მოთხოვნებს მივყვებით. მაგრამ ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ. როგორც ვიცი, რეგიონში რამდენიმე სასტუმრო კოვიდ სასტუმროდ გადაკეთებას განიხილავს,“ - აცხადებს მირზიაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ე.წ. საველე ჰოსპიტლების მოწყობა „დღეს არ განიხილება“ და უფრო მეტად მისაღები მოდელი სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამოყენებაა.
მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე დამატებითი სასტუმროების მობილიზებაზე მუშაობენ, რადგან ბოლო პერიოდში, რიგი ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადი შემცირდა, ამიტომ სასტუმროების მობილიზების შესაძლებლობა მეტი გაჩნდა.
„მოდელი, რომელიც ჩვენ გვაქვს და რაც შესაძლებელია კიდევ მეტად გაფართოვდეს, სულ მცირე, 2-3-ჯერაც ეს არის სასტუმროების მოდელი, იმ დიდი სივრცეების გამოყენება, სადაც კომფორტულ გარემოში შესაძლებელია პაციენტის მკურნალობა. საველე პირობებზე დღეს, კონკრეტული საუბარი არ არის. თუკი დადგება ამის საჭიროება, რესურსი, სადაც დიდი სივრცეა, ესეც ცნობილია და შესაძლებელია მისი ადაპტირება და მისი გამოცდილებაც მსოფლიოში არსებობს. თუმცა, ჩვენთვის მაინც უფრო მეტად მისაღები მოდელი არის სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამოყენება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.