მარიამ ქვრივიშვილი: აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დასაწყებად ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ
საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირდაპირი ავიამომისვლის დაწყების სურვილი კვლავინდებურად აქვს. ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები კორონა ვირუსის პანდემიამდე მიმდინარეობდა, თუმცა გლობალური ეპიდაფეთქების გამო პროცესი ბოლომდე ვერ მივიდა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოში პირდაპირი ავიარეისების დაწყებით 3 ავიაკომპანია იყო დაინტერესებული. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა "ბიზნესპარტნიორის ოთხეულში" განაცხადა, ავიაკომპანიები საქართველოში უნდა ჩამოსულიყვნენ და ქვეყნის ინფრასტრუქტურა უნდა შეეფასებინათ.
"რა თქმა უნდა, ჩვენი უდიდესი სურვილია, რომ ტრანსატლანტიკური რეისი ძალიან მალე განხორციელდეს. კორონავირუსის პანდემიამდე კონკრეტული შემადგენლობა ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით ვიმყოფებოდით ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქ სტრატეგიულ ავიაკომპანიებთან საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი მოლაპარაკებები ვაწარმოეთ. სამ ავიაკომპანიასთან შედგა მოლაპარაკება. ეს იყო პირველი წინ გადადგმული, ხელშესახები შედეგი, როდესაც უფრო მეტ კონკრეტიკაზე ვისაუბრეთ. კონკრეტული ბიზნესგეგმით ვიყავით ჩასულები და დავინახეთ, რომ საკმაოდ მაღალი ინტერესი იყო. შემდეგი ეტაპი უნდა ყოფილიყო ავიაკომპანიების საქართველოში ჩამოსვლა. მათ უნდა ენახათ ჩვენი ინფრასტრუქტურა, როგორც აეროპორტში, ასევე ტურისტული თვალსაზრისით. როგორც წესი, ავიაკომოანიები ორ მიმართულებას უყურებენ, ეს არის ტურისტული ნაკადები და ბიზნეს სეგმენტი. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე შევძლებთ მოლაპარაკებების პროცესის აღდგენას. ეს არ იქნება მარტივი, რადგან ავიაკომპანიების ფაქტობრივად 95% გამორკვევის რეჟიმშია გადასული. ფიქრობენ, სად და რა მიმართულებები აღადგინონ. თუმცა, ამის მიუხედავად, ვიქნებით პროაქტიულები და გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რათა ძალიან მალე ვიყოთ ამაყები და გვქონდეს პირდაპირი რეისები ამერიკის შეერთებულ შტატებთან",- განაცხადა ქვრივიშვილმა.