ტურიზმი
22/01/2021

მაია სიდამონიძე: ჩამოსული ტურისტი 21:00 საათის შემდეგ სასტუმროში უნდა ჩაიკეტოს?

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, რესტორანი და სასტუმრო „ტერასას“ დამფუძნებელი მაია სიდამონიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მთავრობის დაანონსებული შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება არათანმიმდევრულია. როგორც სიდამონიძე აღნიშნავს, ფრენების გახსნა საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„თუმცა, ჩვენ ბევრჯერ გვსმენია მსგავსი ანონსი და შემდეგ არ ასრულებულა. მეორე მხრივ, ეს არათანაბარი პოლიტიკა შეზღუდვებთან დაკავშირებით არაადეკვატურია. ფრენები რომ აღდგეს, ვინც ჩამოვა, გამოდის, რომ მთის კურორტებზე ვერ დაისვენებს, ვერ ისარგებლებს სხვადასხვა ტურისტული მომსახურებით, რადგან ყველა ასეთი ორგანიზაცია, რესტორანი თუ სასტუმრო, დაკეტილია.

თუ არ მოხდა მათი რეაბილიტაცია, გახსნა, ვერ ვხვდები ფრენებს რა მნიშვნელობა აქვს? გარდა ამისა, როდესაც რაღაცას აანონსებენ და შემდგომში გადაწყვეტილებას ცვლიან, ესეც არ არის ნორმალური. შეიძლება დღეს გვითხრან, რომ ხსნიან და მერე 1 თვეში ისევ დაკეტონ,“ - აცხადებს სიდამონიძე.

მისი განმარტებით, შექმნილ სიტუაციაში ტურისტულ ბიზნესს სამომავლო მოლოდინები არ აქვს. სიდამონიძის განცხადებით, სექტორი მთავრობას თვეების განმავლობაში ემუშავა იმისთვის, რომ  სექტორში რეგულაციები დანერგილიყო, რაც გახდებოდა იმის საფუძველი, რომ ბიზნესი არ დაკეტილიყო.

სიდამონიძის განცხადებით, სიტუაციიდან გამომდინარე, მსოფლიო ტურისტულ რუკაზე იმხელა კონკურენციაა, რომ ყველა მიმართულება, რომელიც არ დაიკეტა და გახსნილია, იბრძვის გადარჩენისთვის. შესაბამისად, მათ აქვთ უამრავი შემოთავაზება.

„ამასობაში საქართველო რას სთავზობს, გაჩერებულია ყველანაირი მარკეტინგული აქტივობა, გეგონება გავქრით საერთოდ ტურისტული რუკიდან, მეორე მხრივ, ვინც არის ტურისტული სერვისის პრიოვაიდერი, ფაქტობრივად ნახევარზე მეტი გაკოტრებულია და მეორე ნახევარი გაკოტრების პირასაა. თუ არ იქნა ტრანსპორტი და ტურისტს გადაადგილების საშუალება არ ექნა, ასევე კვების და  ელემენტარული გასტრონომიის დაგემოვნება ვერ შეძლეს,  სხვას რას ვთავაზობთ? ამას ერთვის ისიც, რომ ვართ წითელ ზონაში, არ ვართ უსაფრთხო ქვეყანა და  ვაქცინაციის გეგმაც კი არ გვაქვს შეთანხმებული. დღეს ესეც მოქმედებს, უსაფრთხოების ნორმები მოგზაურების დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია,“ - აცხადებს მაია სიდამონიძე.  

მისი განცხადებით, ქვეყანას არ აქვს გარკვეული და გაცხადებული, თუ ფრენების გახსნისას რა რეგულაციები იქნება აეროპორტში და საზღვარზე. სიდამონიძის განცხადებით, ფრენების გახსნის გადაწყვეტილებასთან ერთად, კარგი იქნებოდა დაანონსებულიყო რა მიმართულებები დაიწყებს ფრენას და რეალურად, რა რეგულაციები იქნება.

„როდესაც ტურისტული სააგენტო უცხოელ პარტნორს შეთავაზებებს უგზავნის, ინფორმაცია ელემენტარულად რა უნდა მიაწოდოს, არ აქვს. ერთმანეთს ვეკითებით ხშირ შემთხვევაში, კომუნიკაციაც ისეთი ქაოტურია, რომ ხშირ შემთხვევაში ჭორის დონეზე ვიგებთ ხოლმე. ამიტომ, მთლიანად ტურიზმის ინდუსტრია ძალიან დიდი საფრთხის წინაშეა,“ - აცხადებს სიდამონიძე.

შეგახსენებთ, დღეს მთავრობამ 1-ელი თებერვლიდან რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დახურული რჩება სარესტორნო  ბიზნესი, ასევე მთის კურორტები. 1 მარტამდე მოქმედებს კომენდანტის საათი.