მაია ომიაძე: ტურიზმის სექტორმა, 2 კვარტალში ₾1.8 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო
"მიმდინარე წლის ორი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმის სექტორმა ტურისტების ვიზიტებიდან 1.8 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღო,"- ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-ს" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ განუცხადა.
მისი ვარაუდით, ზამთრის სეზონი წარმატებული იქნება, რადგან სეზონს თავისი მომხმარებელი ჰყავს. ხოლო, მიმდინარე წლის ჯამური შემოსავლები იმ პროგნოზს გაამართლებს, რაც მათ გასული წლის მიწურულს დააანონსეს.
"გასულ წელს, წარმატებულად ჩატარებული სათხილამურო ჩემპიონატის შემდეგ, ჩვენ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მუდმივ კალენდარში ჩავჯექით. აღნიშნული ჩემპიონატი კი, ბაკურიანსა და გუდაურში უფრო მეტი გულშემატკივარსა და საერთაშორისო სტუმრის ჩამოსვლას განაპირობებს,"-აცხადებს ომიაძე.
ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა,რის საფუძველზეც, 2023 წელს, 9 თვის მონაცემებით, ქვეყანას 5 მილიონ 600 ათასი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა.
ეს რიცხვი 2022 წელთან შედარებით 43%-ით მეტია, პანდემიამდე პერიოდის მონაცემებთან შედარებით კი თითქმის 77%-იანი აღდგენაა. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, 9 თვეში რაოდენობამ 4.7 მლნ-ი შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი 35%-ზე მეტია.