მადრიდიდან თბილისის მიმართულებით შესაძლოა პირდაპირი რეისები დაინიშნოს
ქართულ ავიაბაზარზე შესაძლოა მალე ესპანური ავიაკომპანია Air Europa გამოჩნდეს, მგზავრი კი თბილისიდან მადრიდში პირდაპირი რეისით ჩასვლას შეძლებს.
როგორც ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული" განაცხადა, მადრიდი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნით ესპანური მხარეა დაინტერესებული.
ილია გიორგაძის თქმით, მადრიდიდან თბილისისკენ პირდაპირი რეისების შესრულებაზე იმსჯელებენ ესპანეთის ტურიზმის მინისტრი და საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, როდესაც ესპანეთის დელეგაცია ივლისის მეორე ნახევარში საქართველოს ეწვევა.
"ერთ-ერთი საკითხი რაზეც ტრანსპორტის მინისტრი ისაუბრებს ნათია თურნავასთან იქნება ესპანური ავიაკომპანიების ქართულ ბაზარზე შემოსვლა. მათი მხრიდან ინტერესი დიდია, კერძოდ, ეს სავარაუდოდ იქნება Air Europa. ნათია თურნავასთან შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება პირდაპირი რეისების დანიშვნა მადრიდიდან თბილისში", - განაცხადა ილია გიორგაძემ.