ტურიზმი
25/01/2021

"ლოპოტა სპა რეზორტში" ფასები 40-45%-ით შემცირდა

„ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალური მენეჯერი მაკა ღლიღვაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, რომ 2021 წლიდან აქტივობა შიდა ტურიზმზე საკმაოდ მაღალია, ეს ტენდენცია განსაკუთრებით შეინიშნება კახეთის სასტუმროებში.

მისი ინფორმაციით, იანვრის საშუალო დატვირთულობა დაახლოებით 35%-ია, რაც საკმაოდ მაღალია დიდი სასტუმროსთვის (186 ნომერი). ღლიღვაშვილი აცხადებს, რომ კომპლექსი ბოლო პერიოდში ადგილობრივი ტურისტების გააქტიურებას სპეციალური შეთავაზებებით ახდენს.

„17 იანვრიდან გვაქვს მეგობრებისთვის შეთავაზება, რომელიც პოპულარული გახდა. ფაქტობრივად, მთელი სასტუმრო ამ შეთავაზების შედეგად დაიტვირთა,“ - აცხადებს ღლიღვაშვილი.

„ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალური მენეჯერი განმარტავს, რომ კომპანიას სიტუაციიდან გამომდინარე ფასების დაკორექტირება მოუწია. კერძოდ, დღევანდელი მდგომარეობით „ლოპოტა სპა რეზორტში“ ფასები დაახლოებით 40-45%-ითაა შემცირებული.

„სასტუმრო ამ დროისთვის მუშაობს მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობაზე. შესაბამისად, გავითვალისწინეთ მათი შესაძლებლობები და ფასები შევამცირეთ, თუმცა შიდა ტურიზმისთვის შეთავაზებები პანდემიმამდეც გვქონდა. ახლა ფასები მთლიანობაშია შემცირებული და არა მხოლოდ შეთავაზებების ნაწილში. ზაფხულში არ გვქონდა ასეთი ფასდაკლებები, მაშინ ვეცადეთ, რომ საფასო სეგმენტი დაგვეჭირა და ფასები არ შეგვემცირებინა, შესაბამისად, 2019 წლის ზაფხულთან შედარებით  შემცირება მერყეობდა 30-35%-მდე,“ - აცხადებს მაკა ღლიღვაშვილი.

კვირის დღეებში 1 სტანდარტული 2 ადგილოანი ნომრის ფასი (საუზმით) 250 ლარია.

„ლოპოტა სპა რეზორტი“ ბაზარზე  2008 წლიდან გამოჩნდა. ესაა დასასვენებელი კომპლექსი კახეთში, ლოპოტას ტბასთან ახლოს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი პირველი რეზორტული სასტუმრო კომპლექსია. ტერიტორიაზე უკვე მოქმდებს 14 კორპუსი.