ტურიზმი
24/01/2021

“ლოპოტა სპა რეზორტი“ 2019 წლის მაჩვენებლებს 1-2 წელი ვერ დაუბრუნდება

„ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალური მენეჯერი მაკა ღლიღვაშვილი 2021 წლის მოლოდინებზე საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანია 2019 წლის მაჩვენებლებს სავარაუდოდ, 1-2 წელი ვერ დაუბრუნდება. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, სასტუმროებს ფუნქციონირებისთვის კონფერენციების ჩატარების საშუალება მაინც მიეცეს.

„არასეზონურობის პერიოდში სასტუმრო ძირითადად საკონფერენციო მიმართულებით იყო დატვირთული და ვიმედოვნებთ, შეზღუდვები პირველ რიგში ამ ნაწილში შემსუბუქდება, შესაძლებელია მოხდეს  ეტაპობრივად გახსნა და მაგალითად, 15-20 კაციანი ჯგუფების კონფერენციების ჩატარების შესაძლებლობა.

მსოფლიოში ვაქციანცია უკვე დაწყებულია. გვაქვს იმედი, რომ ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, მეორე კვარტლიდან პანდემიური შეზღუდვები მოიხსნება. ვიმედოვნებთ, პირველ რიგში მოიხსნება შეზღუდვები საკონფერენციო მიმართულებით. ჩვენ ამ სეგმენტს აქტიურად ვამუშავებთ როგორც ადგილობრივ კომპანიებზე, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებზე. ზოგადად საერთაშორისო ტურიზმი მაისიდან იწყება, მანამდე კი სასტუმრო ადგილობრივი კორპორაციული ტურებით ფუნქციონირებდა “-აცხადებს მაკა ღლიღვაშვილი.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილის შუა რიცხვებიდან შესაძლოა საერთაშორისო ტურიზმიც გაიხსნას, რაც ავტომატურად აისახება „ლოპოტა სპა რეზორტზეც“. შედეგად, შესაძლებლობა იქნება სასტუმრომ მიიღოს სტუმრები როგორც აღმოსავლეთ ევროპიდან, ისე რუსეთიდან, ბელორუსიიდან, სომხეთიდან, დაუბაიდან, აბუდაბიდან, ისარელიდან  და ასე შემდეგ.

„ლოპოტა სპა რეზორტი“ ბაზარზე  2008 წლიდან გამოჩნდა. დასასვენებელი კომპლექსი კახეთში, ლოპოტას ტბასთან ახლოს მდებარეობს და ის რეგიონში ერთ-ერთი პირველი რეზორტული ტიპის სასტუმრო კომპლექსია. ტერიტორიაზე უკვე მოქმდებს 14 კორპუსი.