ტურიზმი
20/05/2021

ლალი მოროშკინამ შესაძლოა მის საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი ტურისტული ობიექტი გაყიდოს

ლალი მოროშკინა სიღნაღში მის საკუთრებაში არსებული სასტუმროს ან საცურაო აუზის გაყიდვას არ გამორიცხავს. როგორც ჟურნალისტმა, პიარ-ტექნოლოგმა, ამავდროულად, სასტუმრო Sighnaghi Art Hotel-ის და swimming pool by villa provence-ის მფლობელმა „ბიზნესპარტნორთან“ განაცხადა, იმ პირობებში, როდესაც HoReCa  სექტორი გადარჩენას ცდილობს, წარმოუდგენლად რთულია ბიზნესის შენარჩუნება.

„ერთი თვე ვუყურებ ამ სიტუაციას და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას ერთ-ერთი ობიექტის გაყიდვის. რთულია შეინახო ბიზნესი ისე, თუ არ შეიმუშავეს წინადადებათა პაკეტი იმ სექტორისთვის, რომელიც ძალიან დაზარალდა,“ - აცხადებს მოროშკინა.

მისივე განცხადებით, მიმდინარე სეზონზე ევროპელი ტურისტები ნაკლებად იქნებიან და ამის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს.

„ჩამოსულები არიან დუბაიდან და ისიც ძალიან ცოტა რაოდენობით. არ არიან რუსებიც. მე არ ვიცი როგორ უნდა ვიმუშაოთ მხოლოდ ქართველებისთვის, რომლებსაც როგორც მომხმარებლებს არ აქვთ გადახდის შესაძლებლობა და დაისვენონ. ჩვენთან რეკავენ და გვთხოვენ ფასის დაწევას. ჩემთან ერთი ადამიანის განთავსება 35 ლარი ჯდება, ანუ 2 კაციანი ნომრის ფასი 70 ლარია. ამაზე მეტად ფასი როგორ უნდა შევამცირო წარმოდგენა არ მაქვს. 

Booking.com-ი საერთოდ მკვდარია, გვთხოვს 30%-იან გადასახადს. 70 ლარი ღირს ნომერი, აქედან 30% რომ გადავუხადო, რისთვის ვიმუშაო?!“ - აცხადებს მოროშკინა.