ტურიზმი
19/05/2021

ლალი მოროშკინა: ხარჯები გაგვეზარდა, მომხმარებელი კი სერვისს ადრინდელ ფასად ითხოვს

ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა, რომელიც  სიღნაღში სასტუმრო Sighnaghi Art Hotel-ის და Swimming Pool by Villa Provence-ის მფლობელია, ზაფხულის საკურორტო სეზონის მოლოდინებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.

მისი განმარტებით, დღეს HoReCa სექტორი გადარჩენას ცდილობს და ამ ეტაპზე მოგებაზე საუბარი ზედმეტია.

„მთელი წელი არ ვმუშაობდით, გადასახადები ძალიან გაზრდილია, პროდუქტი გაძვირებული, ბანკში პროცენტი გაზრდილია, მომხმარებელი კი ითხოვს მიიღოს სერვისი ზუსტად იმ ფასად, რაც ადრე იყო. პრაქტიკულად ყველა მფლობელს გაუძვირდა სასტუმროების და რესტორნების შენახვა. სამწუხაროდ, არ შემცირებულა კომუნალური გადასახადების ტარიფები, მათ შორის, დენის, წყლის და  ასე შემდეგ,“ - აცხადებს მოროშკინა.

მისი განცხადებით, მიმდინარე სეზონზე ევროპელი ტურისტი ნაკლებად იქნებიან და ამის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს.

„ჩამოსულები არიან დუბაიდან და ისიც ძალიან ცოტა რაოდენობით. არ არიან რუსი ტურისტებიც. არ ვიცი როგორ უნდა ვიმუშაოთ მხოლოდ ქართველებისთვის, რომლებსაც როგორც მომხმარებლებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ გადაიხადონ და დაისვენონ. ჩვენთან რეკავენ და გვთხოვენ ფასის დაწევას. სასტუმროში ერთი  ადამიანის განთავსება 35 ლარი ჯდება, ანუ 2 კაციანი ნომრის ფასი 70 ლარია. ამაზე მეტად ფასი როგორ უნდა შევამციროთ წარმოდგენა არ მაქვს. როგორ უნდა მოვიქცე არ ვიცი.

Booking.com-ი საერთოდ მკვდარია, გვთხოვს 30%-იან გადასახადს. 70 ლარი ღირს ნომერი, აქედან 30% რომ გადავუხადო, რისთვის ვიმუშაო?“ - აცხადებს მოროშკინა.