ტურიზმი
19/07/2021

ქვრივიშვილი მიმდინარე მოვლენებზე: ჯავშნები არ გაუქმებულა; ვერ ვხსნი მედია რატომ ხატავს აპოკალიფსს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ნებისმიერ ქვეყანაში მიმდინარე უარყოფითი მოვლენები ტურიზმის სექტორზე მნიშვნელოვნად ისახება. თუმცა, მარიამ ქვრივიშვილი აქვე განმარტავს, რომ საქართველოში 5 ივლისის მოვლენების, მათ შორის, ტურისტის დაჭრის გამო ჯავშნების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ გაუქმებულა.

მან პარლამენტში მოხსენებისას ისიც განაცხადა, რომ ამ შემთხვევებით ადამიანები, მათ შორის, მედიის ნაწილი ტრაგედიის დახატვას ცდილობდა, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა.

"უბრალოდ ვერ ვხსნიდი, რაში სჭირდებათ ადამიანებს, თუ მედიის წარმომადგენლებს სამ შემთხვევაზე აპელირება. რაში სჭირდებათ, რომ ეს აქციონ ქვეყნის ტრაგედიად და დახატონ, რომ ტურიზმში დაიწყო აპოკალიფსი და ქვეყანაში ჩამოსვლა აღარ უნდა არავის იმიტომ, რომ ტურისტებს ქვეყანაში ჩამოსვლა ეშინიათ. თურმე ადამიანები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ჩამოსვლისას მათი უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ამაზე ზედაპირულად საუბრობენ. მქონდა პოლემიკა და ვერც ერთი ციფრი ვერ მოვისმინე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კატასტროფულად გაუქმებულ ჯავშნებზე. პირველი კითხვა, ეს არის რა მოცულობაზე გვაქვს საუბარი, რამდენი ჯავშანი გაუქმდა, რომელ სასტუმროებში გაუქმდა და რომელ ტურისტულ კომპანიებში გაუქმდა. ასეთი პასუხები მე დღეს არ მიმიღია.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ეკონომიკის სამინისტროს დავალებით, გააკეთა შიდა მოკვლევა. გამოიკითხა 100-მდე სასტუმრო, 40-მდე ტურისტული კომპანია და 200-მდე ბინა, რომელიც განთავსებულია airbnb-ზე. გამოკითხულთა 95% აღნიშნავს, რომ ჯავშნების განსაკუთრებული გაუქმება არ შეინიშნება და პირიქით, ფიქსირდება ე.წ over booking, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში ჯავშნების დინამიკა არის ჯანსაღი. აქვე, კვლევის შედეგად დასტურდება, რომ ჯავშნების დაახლოებით 5%-იანი გაუქმება ფიქსირდება. რაც სასტუმროების ინფორმაციით, არ უკავშირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რაც კარგია, რადგან ტურისტები ნამდვილად არ ფიქრობენ, რომ საქართველოში ჩამოსვლა არ არის უსაფრთხო.

მეტი სიმყარისთვის ჩვენ ტურიზმის დარგის ასოციაციებს ვთხოვეთ იგივე სახის კვლევა გაეკეთებინათ. ციფრები ვერ მივიღეთ ბევრი და ჭარბი. ასოციაციის წევრები ამბობენ, რომ ჩვენ არ გვაქვს ჯავშნების გაუქმება და ამ ველების შევსებას აზრი არ აქვსო",- განაცხადა ქვრივიშვილმა.