"ქვეყანაში ფრენების დამატება, მეტი ტურისტის ჩამოსვლას გამოიწვევს" - ერეკლე კოკაია
"ქვეყანაში ფრენების დამატება, მეტი ტურისტის ჩამოსვლას გამოიწვევს"-ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორს" კომპანია Inn group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ქვეყანას ტაილანდიდან ჩარტერული რეისები დაემატა, საიდანაც დიდი მოთხოვნა წამოვიდა. აღნიშნული კი იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ფრენების დამატებით, მეტი ტურისტის მოზიდვაა შესაძლებელი.
რაც შეეხება მიმდინარე წლის ტურისტულ სეზონს, კოკაია განმარტავს, რომ მიმდინარე წლის მაისი-ივნისის თვეებზე მოლოდინი დიდი იყო, თუმცა რეალობამ არ გაამართლა. ამის მიზეზი ის ქვეყნებია, რომლებზეც საქართველოს ტურიზმია დამოკიდებული. ესენია, არაბული ქვეყნები და ისრაელი.
"საქართველოში ისრაელიდან ჩამოსვლა იმდენად ძვირი ჯდება, რომ იქაურ მოსახლეს აღარ უღირს აქ ჩამოსვლა, შესაბამისად ჩვენთან ჩამოსვლის ფასად, ისინი სხვა ქვეყანაში დაისვენებდნენ.
რაც შეეხება არაბულ ქვეყნებს, მათ თურქეთში დასვენება არჩიეს. გასაგებიცაა, მათი ტურიზმი მეტად განვითარებულია, იქ დასვენება კი, საქართველოსთან შედარებით იაფი ჯდება.
"საქართველოს დივერსიფიკაცია სჭირდება, რადგან სხვა ქვეყანამ საქართველოზე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ მოახდინოს. ქვეყანას კი, რომელსაც პრეტენზია აქვს იმაზე, რომ ტურისტული ქვეყანა არის, მას კრიტერიუმები უნდა ჰქონდეს განსაზღვრული, რომლის საფუძველზეც სტუმრის ქვეყანაში შემოშვება ან არ შემოშვება მოხდება, "-აცხადებს კოკაია.
როგორც კომპანია Inn group-ის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, ზაფხულის მეორე ნაწილი დადებითად ხასიათდებოდა, თუმცა ყველა რეგიონში დატვირთულობის მიმართულებით განსხვავებული მდგომარეობაა.
მაგალითისთვის, ქუთაისი სრული დატვირთვით მუშაობს, რისი მიზეზიც აეროპორტია, შესაბამისად, უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს პირველ რიგში ქუთაისში უწევთ გაჩერება.
რაც შეეხება "გორი ინნს", მისთვის პირველი სეზონი იყო და კოკაიას ინფორმაციით, საკმაოდ წარმატებით იმუშავა. უახლოეს მომავალში კი, ადგილზე სადღესასწაულო სივრცის მოწყობა იგეგმება, რომელსაც სახელად "ცირკი" ერქმევა, რადგან "გორი ინნი" ყოფილი ცირკის შენობის ადგილასაა აშენებული, რომელიც 80-90-იან წლებში დაიწვა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ მიმდინარე წელს ახალი ფილიალი ახალციხეშიც გახსნა, რომელიც უკვე აქტიურად ფუნქციონირებს.
ცნობისთვის, 2023 წლის პირველ 8 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 2.9 მილიარდი დოლარი შეადგინა. ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 35%-ია. მხოლოდ აგვისტოში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლები 5.2%-ით გაიზარდა და 550 მილიონი დოლარი შეადგინა.