ტურიზმი
09/11/2021

ქსელმა "მგზავრები" გონიოში "ლაბაუს" სასტუმროს პროექტი გაყიდა

სასტუმროების ქსელმა „მგზავრები“ „ლაბაუს“ ბრენდით გონიოში 5 ვარსკვლავიან სასტუმროს პროექტი გაყიდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ქსელ „მგზავრების“ დირექტორის მოადგილე მადლენა მანუსაჩიანმა განუცხადა, მიზეზი ახალი მფლობელის მხრიდან მიმზიდველი შემოთავაზება გახდა.

ვინ არის ახალი მფლობელი და რა იყო გარიგების ოდენობა, ამას მანუსაჩიანი არ ასახელებს და აცხადებს, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია.

„პროექტი განხორციელდება, რადგან ეს რაც შეთანხმებული და დამტკიცებული იყო იმ ფორმით და მიზნით გაიყიდა. ყველაფერი იქნება იგივე, უბრალოდ, სხვა სახელით და სხვა მფლობელის პირობებში გააგრძელებს ფუნქციონირებას,“ - აცხადებს მანუსაჩიანი.

შეგახსენებთ, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 16 სართულიან შენობაში უმაღლესი კლასის 205 სასტუმრო ნომრის მოწყობა.

გარდა ამისა, სასტუმრო მოიცავს 1,5 ჰა დაცულ ტერიტორიას, ღია და დახურულ აუზებს, აკვაპარკს, ფიტნეს და სპა ცენტრს, სპორტულ და საბავშვო გასართობ მოედნებს. კომპლექსში შედის რესტორნები და კაფე ტერასით, ღია და დახურული ავტოსადგომები, საკონფერენციო დარბაზი, სარეკრეაციო ზონა, ადმინისტრაცია და დაცვის 24-საათიანი მომსახურება.

პროექტში 7 მლნ დოლარის ინვესტიცია  უნდა განხორციელებულიყო.

„მგზავრების“ სასტუმროების ქსელი უკვე 10 წელია ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი. სასტუმროს ტიპის აპარტამენტების კონცეფცია საქართველოში პირველად სწორედ „მგზავრებმა“ წარადგინა.

კომპანიის სტრატეგია, საქართველოს პოპულარულ კურორტებზე 5 ვარსკვლავიანი ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, სასტუმროს ნომრების რეალიზაცია და სასტუმროს მენეჯმენტია.

10 წლის განმავლობაში მგზავრების განხორციელებული პროექტებია:

  • 11 პროექტი ბაკურიანში;
  • 4 პროექტი ბათუმის სანაპირო (გონიო);
  • 1 პროექტი  გუდაურში;
  • 2 პროექტი ბათუმში.