"კერძო სექტორი ახალი ტურისტული პროდუქტების შეთავაზებაზეა ორიენტირებული"
„საკმაოდ საინტერესო პროცესი მიდის. ტურიზმის ჭრილში პოსტპანდემიური პერიოდი წარმატებით მიმდინარეობს, აღდგენის პროცესი არის ინტენსიური“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიოს“ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატალია კვაჭანტირაძემ განუცხადა.
2023 წლის პირველი 5 თვის მონაცემების შეჯამებისას კვაჭანტირაძე აღნიშნავს, რომ გაზრდილია როგორც შემოსავლები ტურიმზმის სექტორში, ისე უცხოელი ვიზიტორების რიცხვიც.
„იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად, კერძო სექტორი მაქსიმალურად ორიენტირებულია, რაც შეიძლება ბევრი სტუმარი მიიღოს ქვეყანაში, შესთავაზოს ახალი შესაძლებლობები, ახალი ტურისტული პროდუქტები, ეს მცდელობა აისახება იმ სტატისტიკურ მონაცემებში, რომლებიც დღეს გვაქვს. თუ შევადარებთ გასულ წელს, შემოსავლებში არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა“, - განმარტა ნატალია კვაჭანტირაძემ.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი პროგნოზებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ტურიზმის ინდუსტრიაში დადებითი მოლოდინებია.
„მარკეტინგული აქტივობების ჭრილში საკმაოდ საინტერესო ღონისძიებები ჩატარდა იმისთვის, რომ ტურისტული მაჩვენებლები ზაფხულის პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდოს და დარგსაც, უკეთესი შედეგების მოლოდინი აქვს“,- აღნიშნა ნატალია კვაჭანტირაძემ.
შეგახსენებთ, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ზრდას აჩვენებს. Galt&Taggart-ის შეფასებით, 2023 წლის მაისში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 304 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს თითქმის 18%-ით აღემატება. ზრდა ფიქსირდება წლის პირველი 5 თვის ჯამური მონაცემებითაც, კერძოდ, 2023 წლის პირველ 5 თვეში, საქართველოს შემოსავალმა საერთაშორისო ტურიზმიდან ერთი მილიარდ 350 მილიონი დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით, წლიურ ჭრილში, 65 პროცენტიანი ზრდა დააფიქსირა.
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 2-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორების თითქმის 80 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით შედგა, გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ კი 6 ღამე შეადგინა.